ზურაბ აბაშიძე: როდესაც ხდება დანაშაული, რომელსაც სჩადის მოქალაქე თუ პოლიციელი, დღეს ქართული სახელმწიფო ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირებს
„როდესაც ხდება დანაშაული, რომელსაც სჩადის მოქალაქე თუ პოლიციელი, დღეს ქართული სახელმწიფო ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირებს“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ ჯაშუშობის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული დაკავებების შეფასებისას.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ძალიან მძიმე იყო, როდესაც გორში პოლიციელებმა ჩაიდინეს დანაშაული, თუმცა მას შესაბამისი რეაგირება მოჰყვა სახელმწიფოს მხრიდან.
„ამდენად, რომ არ მომხდარიყო მასზე რეაგირება, მაშინ ქვეყანაში გვექნებოდა სისტემური პრობლემა - ამ შემთხვევაში კი პასუხისგებაში 6 პოლიციელია მიცემული და გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნა აბაშიძემ.
მისი თქმით, ჯაშუშების დაკავების საქმე სხვა მიმართულებაა და სამართალდამცველები მუშაობენ, რათა გამოავლინონ ადამიანები, რომლებიც სხვა ქვეყნების ინტერესებისთვის მუშაობენ, ასეთ ქმედებებს კი მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
„სწორედ ესაა სახელმწიფოებრიობა. თუ არ არსებობს სახელმწიფო და მისი ძლიერი სტრუქტურები, ჩვენ ამ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ვერანაირად ვერ შევინარჩუნებთ. ეს ყველაფერი მიზეზშედეგობრივი კავშირია - გამოვლინდება, გამოვლინდა და მომავალშიც იქნება რეაგირება ნებისმიერ ასეთ ფაქტზე, როგორიც არის დანაშაული, რომელსაც ჩაიდენს პოლიციელი და ნებისმიერი მოქალაქე, ან სხვა პიროვნება, რომელიც დაკავშირებული იქნება სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებასთან საქართველოში. ეს არის ძალიან პრინციპული პოზიცია“, - დასძინა აბაშიძემ.