ზაზა შათირიშვილი: დონალდ ტრამპი - „მშვიდობის მტრედია“, ყოველ შემთხვევაში, თავად ამას ამტკიცებს. თუკი კონფლიქტებს და მასში ტრამპის, ანუ „დიფ სთეითის“ როლს გავაანალიზებთ, „მშვიდობის მტრედი“ ომის გამჩაღებლად უფრო წარმოჩინდება
„დონალდ ტრამპი - „მშვიდობის მტრედია“, ყოველ შემთხვევაში, თავად ამას ამტკიცებს“, - ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.
შათირიშვილის განცხადებით, დონალდ ტრამპი უფრო მეტად „ომის გამჩაღებელია”, ვიდრე „მშვიდობის მტრედი”.
„მე ცხრა თვეში რვა ომი დავასრულე. ჩვენ ამ საბოლოო ომზე ვმუშაობთ, ეს ადვილი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, ამას მივაღწევთ“ - ამაყობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მაშინ, როდესაც, თუკი ამ კონფლიქტებს და მასში დონალდ ტრამპის, ანუ „დიფ სთეითის“ როლს გავაანალიზებთ, რეალობა სულ სხვაგვარი აღმოჩნდება და „მშვიდობის მტრედი“ ომის გამჩაღებლად უფრო წარმოჩინდება, ვიდრე ლიდერად, რომელიც კონფლიქტებს აგვარებს,”- წერს ზაზა შათირიშვილი.
წერილში განხილულია მსოფლიოში მიმდინარე და დასრულებული სხვადასხვა კონფლიქტი, მათ შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაწყებული ომი, რომლის დასრულებასაც ტრამპი თავად იბრალებს, წერილის ავტორისთვის კი ეს ყოველივე ღიმილის მომგვრელია.
„ჩვენი მეზობლების, სომხეთისა და აზერბაიჯანის მაგალითით დავიწყოთ - ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც განაცხადა, ომი ფაქტობრივად დასრულდა მას შემდეგ, რაც „2020 წლის 10 ნოემბერს სომხეთმა კაპიტულაციას მოაწერა ხელი“.
შემდგომ ამისა, ლოკალური შეტაკებები, თუ ესკალაციები, განსაკუთრებით 2022-2023 წლებში ომად კი არა, ცალკეულ სამხედრო ოპერაციებად და ინციდენტებად მიიჩნევა.
შესაბამისად, ცხადია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი დონალდ ტრამპს არ დაუსრულებია და მისგან ამ დამსახურების საკუთარ თავზე მიწერა ღიმილის მომგვრელია. ყველასთვის ცხადია, რომ ამ პროცესში მისი ჩართულობა სულ სხვა მოტივებითა და მიზნებით არის ნაკარნახევი”,- ვკითხულობთ წერილში.
შათირიშვილის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომში ტრამპი “ დიფ სთეითის” დავალებას ასრულებს და ცდილობს ომის გაჯანჯლებას.
„რუსეთ-უკრაინის ომი - დონალდ ტრამპი ყველაზე ხშირად და ხმამაღლა აცხადებდა, მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ ომს 24 საათში დავასრულებდიო. პრეზიდენტიც გახდა და 24 საათზე ბევრად, ბევრად მეტი დროც გავიდა, თუმცა ამ ომს არათუ დასასრული არ უჩანს, რაც ცხადია ისევ და ისევ „დიფ სთეიტის“ ინტერესის გათვალისწინებით ხდება, არამედ ტრამპი უკრაინას ეხმარება როგორც იარაღით, ისე ფინანსურად, რითაც „დიფ სტეიტის“ დავალებას ასრულებს და ომის გაჯანჯლებას ცდილობს, რადგან გლობალური ომის პარტიას სულ სხვა გეგმები აქვს, გეგმები, რომლებიც ამ ომის მყისიერად დასრულებას არ ითვალისწინებს”,- წერს ზაზა შათირიშვილი.
შათირიშვილი წერილში ასევე განიხილავს ისრაელ-პალესტინის, სირიის, ვენესუელის და ირანის მაგალითებს, სადაც ტრამპს კონკრეტული მიზნები ამოძრავებდა.
„ისრაელ - პალესტინის კონფლიქტში დონალდ ტრამპის როლი აქტიური, მაგრამ მკვეთრად ცალმხრივი იყო და არის, რა თქმა უნდა, ისრაელის სასარგებლოდ. შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად ჩანს, რომ ბოლო წლებში შექმნილი დაძაბულობა, არაერთხელ, სწორედ უშუალოდ დონალდ ტრამპისა და მის მიერ გატარებული პოლიტიკის დამსახურება იყო. ფაქტია, რომ მისმა პოლიტიკამ, მათ შორის „სამშვიდობო საბჭოს“ შექმნამ და ადგილზე მასშტაბური პროექტების დაანონსებამ სტატუს-კვო შეცვალა, მაგრამ არაბი მოსახლეობის ჩაგვრისა და შევიწროების ხარჯზე და არათუ მშვიდობა არ მოიტანა, არამედ კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა, რაც, სავარაუდოა, რომ კიდევ უფრო სავალალო შედეგებამდე მივა.
შეუძლებელია არ ვახსენოთ დონალდ ტრამპის როლი სირიის სამოქალაქო ომის ფარგლებში ქრისტიანი მოსახლეობის უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნის პროცესში, რადგან ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სანქციების ნაწილობრივ, ან სრულად შეწყვეტის გადაწყვეტილებამ ისინი უფრო სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა.
გამაოგნებელია ის, თუ როგორ იმოქმედა „დემოკრატიის შუქურად“ მონათლულმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უშუალოდ დონალდ ტრამპმა ვენესუელაში, როდესაც საერთაშორისო სამართლის და დემოკრატიის პრინციპების სრული უგულებელყოფით, საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც აშშ-ს ვენესუელის ნავთობი სჭირდება, ქვეყანა, ფაქტობრივად, დაიპყრო და არც იმას მალავს, რომ ვენესუელას თავად მართავს.
„დიფ სთეითის“ დავალებით, დონალდ ტრამპი არც ყოფილ მოკავშირეებს და პარტნიორებს ინდობს და გრენლანდიის გადაცემას ევროპისგან ხელაღებით მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი დაპყრობით იმუქრება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტრამპის, როგორც „მშვიდობის მტრედის“ მტაცებლურ ბუნებას. როგორც ჩემს ერთ-ერთ წინა წერილშიც აღვნიშნე, ტრამპის მხრიდან გრენლანდიის მოთხოვნა მხოლოდ საბაბია - ევროპასთან კონფლიქტის და ევროპისგან გათავისუფლების საბაბი.
უკიდურესი დაძაბულობა ირანში - დღეს დონალდ ტრამპი ირანს ყოველგვარი შეფარვის გარეშე, სამხედრო დარტყმებით ემუქრება, რომლის შედეგებიც, სავარაუდოდ, უფრო დამანგრეველი იქნება, ვიდრე 2025 ივნისში ჩატარებული ოპერაციები”, - ვკითხულობთ წერილში.