შალვა პაპუაშვილი: ეს წესი წლებია მოქმედებს, ერთადერთი, რაც ემატება არის ის, რომ თუ მოხდება, რომელიმე პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება, არ მივცეთ საშუალება, გამოცვალონ აბრევიატურები ოფისში და გააგრძელონ ფუნქციონირება

ეს ის წესი და პროცედურაა, რომელიც წლებია მოქმედებს. ერთადერთი, რაც ახლა ემატება არის ის, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება რომელიმე პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება, არ მივცეთ საშუალება, რომ გვერდი აუარონ სისტემას და იგივე შინაარსის გაერთიანებას, უბრალოდ, სხვა სახელი დაარქვან, გამოცვალონ აბრევიატურები ოფისში და გააგრძელონ ჩვეულებრივად ფუნქციონირება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვასთან დაკავშირებით კანონმდებლობაზე საუბრისას.
მისი თქმით, არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაში, პარტიებს არ უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ გვერდი აუარონ კანონს.
„უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ უნდა განვმარტოთ, რომ რაც შეეხება პარტიების აკრძალვას, არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, არაფერი ამ წესში არ იცვლება. ეს წესი, უკვე, წლებია მოქმედებს და მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც სურდათ ამ წესის გამოყენება.
შეგახსენებთ, ყოფილ სახალხო დამცველს ქალბატონ ნინო ლომჯარიას გამზადებული ჰქონდა სარჩელი ერთ-ერთ პარტიასთან დაკავშირებით, ანუ ეს ის წესი და პროცედურაა, რომელიც წლებია მოქმედებს. ერთადერთი, რაც ახლა ემატება არის ის, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება რომელიმე პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება, არ მივცეთ საშუალება, რომ გვერდი აუარონ სისტემას და იგივე შინაარსის გაერთიანებას, უბრალოდ, სხვა სახელი დაარქვან, გამოცვალონ აბრევიატურები ოფისში და გააგრძელონ ჩვეულებრივად ფუნქციონირება.
თუკი იქნება პოლიტიკური პარტია, რომელსაც ფაშისტური იდეოლოგია აქვს და ეს ჩაითვლება არაკონსტიტუციურად, შემდეგ იგივე ხალხი, იგივე მიზნებით, იგივე ოფისში გამოვლენ და აბრას გამოცვლიან და ნაცვლად ერთი პარტიის სახელისა, დააწერენ მეორე პარტიას, ეს ხომ ვხვდებით, რომ არის სისტემისთვის გვერდის ავლა. აქედან გამომდინარე, ყველა ქვეყანაში მეტ-ნაკლებად არის ამის შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ არ მივცეთ ასეთ არაკონსტიტუციურ პარტიებს საშუალება, რომ გვერდი აუარონ, შემდეგ, კანონმდებლობას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.