მიხეილ სარჯველაძე ფასების რეგულირებაზე: გარკვეულ შესაძლებლობას ყველა მხარე ხედავს, ბიზნესიც, სახელმწიფო სტრუქტურაც, ბენეფიციარიც, უკლებლივ ყველა დაინტერესებული მხარე
„გარკვეულ შესაძლებლობას ყველა მხარე ხედავს - ბიზნესიც, სახელმწიფო სტრუქტურაც, ბენეფიციარიც, უკლებლივ ყველა დაინტერესებული მხარე“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ფასების რეგულირებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, კარგია, რომ კონკრეტული შტრიხები გამოიკვეთა, რომელთა მიხედვითაც აღქმულია, როგორ შეიძლება წარიმართოს შემდგომი მუშაობა.
„კარგად არის შეფასებული ქართული ჯანდაცვის სისტემის წარმატებები, მათ შორის ფარმაცევტიკის რეგულირების მიმართულებით, მათ შორის რეფერენტული ფასების მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ეს კარგად დანახული არსებული მიღწევები შეიძლება ძალიან კარგად იყოს გამოყენებული, როგორც პლაცდარმი, შემდგომი განვითარებისთვის.
ეს უკავშირდება სპექტრის გაფართოებას, რომელმაც შეიძლება მოიცვას უფრო მეტი მედიკამენტი დასახელების თვალსაზრისით, ან როგორ გახდეს ეს ინსტრუმენტი უფრო ეფექტიანი, ფასების უფრო სამართლიანად რეგულირების კუთხით. გვქონდა საუბარი იმის თაობაზეც, რომ სადაც შესაძლებელია, დავეხმაროთ ადგილობრივ წარმოებას, ამისთვის კომუნიკაცია აუცილებელი წინაპირობაა“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.