Loading data...
მიქანაძე პოდოლიაკის განცხადებაზე: ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათი მიზანია საქართველოში იყოს ის ხელისუფლება, რომელიც იქნებოდა მეორე ფრონტის გახსნის ინიციატორი

პოდოლიაკი იქნება თუ ნებისმიერი პირი, უნდა შევახსენოთ, რომ, პირველ რიგში, შიდა საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავება არის ამ ქვეყნის პატივისცემა, პატივი უნდა სცენ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნებას, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. 

„პოდოლიაკის განცხადება არის მორიგი მცდელობა იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარკვეულწილად მოახდინონ ერთგვარი მცდელობა იმისა, რომ შიდა პროცესებში ჩაერიონ და რაღაცნაირად შეუწყონ ხელი, რომ ის მუხტი, რომელიც მილევად რეჟიმშია აქციებთან მიმართებით, რაღაცნაირად გაამყარონ.

თავისი ამ განცხადებით, მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათი მიზანია საქართველოში იყოს ის ხელისუფლება, რომელიც იქნებოდა მეორე ფრონტის გახსნის ინიციატორი და იმ პროცესებში ჩართული, რომლისკენაც უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა არაერთხელ მოგვიწოდეს. გვესმის, რომ მათ გეგმებში არ იყო „ქართული ოცნების“ გამარჯვება, მაგრამ მათ მოუწევთ პატივი სცენ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანს.

ეს არის საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, სწორედ მოსახლეობის მიერ ლეგიტიმაცია მიცემული ხელისუფლება გააგრძელებს ამ ქვეყნის აღმშენებლობას და უსაფრთხოების გაძლიერებას“, - აღნიშნავს მიქანაძე.