Loading data...
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს 2024 წლის წლიური ანგარიში მოისმინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს 2024 წლის წლიური ანგარიში მოისმინა.

სააგენტოს უფროსის, ლევან თოდუას განცხადებით, საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2018 წლიდან ამოქმედდა. ის უზრუნველყოფს საქართველოში მოქმედ ნებისმიერ კომერციულ ბანკში და მიკრობანკში განთავსებული ყველა სახის დეპოზიტის (30 000 ლარამდე) დაზღვევას.

მომხსენებლის ინფორმაციით, სააგენტოს ამოქმედებიდან დღემდე გადაიდგა რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები სისტემის განვითარების მიზნით. სადაზღვევო ზღვარი, რომელიც თავდაპირველად 5 000 ლარით იყო განსაზღვრული, ორჯერ გადაიხედა და ბაზრის დინამიკის შესაბამისად გაიზარდა - თავდაპირველად 15 000 (2020 წლის 1 ივლისიდან), ხოლო 2024 წლის 1 იანვრიდან 30 000 ლარამდე. ამასთან, სისტემას დაემატა იურიდიული პირების დაზღვევა, რაც, ლევან თოდუას მოსაზრებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოების კუთხით.

„2024 წლის 1-ელი იანვრიდან, სისტემის არსებობის მანძილზე მეორედ, გაიზარდა სადაზღვევო ზღვარი, ამჯერად - 15 000 ლარიდან 30 000 ლარამდე“, - განაცხადა ლევან თოდუამ.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მიმდინარეობს მუშაობა სისტემის მანდატის გაფართოების მიმართულებით, რაც გაზრდის დეპოზიტების დაზღვევის სისტემის, როგორც ფინანსური უსაფრთხოების კომპონენტის როლს და მნიშვნელობას.

მისი ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო რეზოლუციის ჩარჩოს შემოღების შემდეგ, დაიწყო კონსულტაციები ეროვნულ ბანკსა და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს შორის, სარეზოლუციო ფონდის საინვესტიციო მართვის მიზნით, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთვის გადაცემის თაობაზე. მისი თქმით, ამ დროისთვის შეთანხმება მიღწეულია და მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების მოსამზადებლად.

როგორც ლევან თოდუამ აღნიშნა, 2024 წელს სულ 18 სუბიექტი იყო, რასაც 2024 წლის ბოლოსთვის და 2025 წლისთვის დაემატა კიდევ ორი მიკრობანკი, რომლებიც ავტომატურად ჩაერთნენ აღნიშნულ სისტემაში.

მისი ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბრის მონაცემების მიხედვით, სრულად დაზღვეულია დეპოზიტორი ფიზიკური პირების 98% და იურიდიული პირების 90%.

კომიტეტმა დადებითად შეაფასა სააგენტოს ანგარიში.