Loading data...
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმი (თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმება)“ განიხილეს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ წარადგინა.

მისი ინფორმაციით, შეთანხმება მიღებულ იქნა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) მე-12 მინისტრთა კონფერენციაზე 2022 წლის 17 ივნისს და მოიცავს დებულებებს, რომელთაც მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა იქნება თევზის მარაგების შენარჩუნების და მეთევზეობის გაუმჯობესების კუთხით.

ოქმი კრძალავს თევზჭერის სექტორში 3 ტიპის სუბსიდიას. ესენია: სუბსიდიები, რომლებიც ხელს უწყობს უკანონო, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ თევზჭერას. ასევე, თევზჭერის და თევზჭერასთან დაკავშირებული საქმიანობის სუბსიდირებას და სხვა ტიპის სუბსიდიებს, მათ შორის იმგვარს, რომელიც გათვალისწინებულია დაურეგულირებელ ღია ზღვებში ჭერისთვის.

„არსებული სუბსიდიების აკრძალვით, შეთანხმება ხელს შეუწყობს გლობალურ ბრძოლას უკანონო თევზჭერის წინააღმდეგ“, - განაცხადა მომხსენებელმა.

შეთანხმება ადგენს სავალდებულო აკრძალვებს და წესებს, რომელთა მიზანია უზრუნველყოს, რომ მთავრობების მიერ თევზჭერის სექტორისთვის გაწეული მხარდაჭერა ძირს არ უთხრის საზღვაო რესურსების მდგრადობას.

კომიტეტის სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2024 წლის ანგარიში მოისმინეს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სანამ აღსასრულებელი საქმეები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავა და მათგან მოვისმენთ რეკომენდაციებს - იყოს ქვეყნის შიგნით რეკომენდაციების მოსმენის ფორმატი“, - განაცხადა მომხსენებელმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა.

მისი განცხადებით, საერთაშორისო სამართლებრივად გაეროს კომიტეტების გადაწყვეტილებას არ აქვს სავალდებულო ძალა და ეს არის სახელმწიფოსთვის სარეკომენდაციო ხასიათის თუმცა, ხაზგასასმელია ის, რომ რომ 2016 წლიდან სახელმწიფომ გაეროს კომიტეტების აღსრულება ორი მიმართულებით სავალდებულო გახადა.

„გაჩნდა სასამართლო პროცესების ხელახლა გახსნის შესაძლებლობა და ასევე, გაჩნდა ქვეყნის შიგნით ფინანსური კომპენსაციის გადახდის შესაძლებლობა, რაც ბევრ სახელმწიფოში დღესაც არ არსებობს“, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

მთავრობის წარმომადგენელმა კომიტეტის წევრებს გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილ საქმეზე - „ჯ.ჩ. და ჯ.ე. საქართველოს წინააღმდეგ“ ინდივიდუალურ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, ამ ადამიანების დაკავება და არასათანადო მოპყრობა 2010 წელს მოხდა.

„არასათანადო მოპყრობა არის ის მიმართულება, რომელზეც საქართველოს აქვს ძალიან დიდი პროგრესი. უკვე წლებია, როგორც გაეროს, ისევე სტრასბურგის მიმართულებით ცალსახად აღიარებენ, რომ წამება აღარ არის ქვეყანაში სისტემური გამოწვევა“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილ ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე ინდივიდუალურ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ და გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხილული საქმეების - „ნ.ბ. საქართველოს წინააღმდეგ“ და „ანა არგანაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ 4 - ინდივიდუალური საჩივრების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.

კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი განიხილეს, რომელიც კოლეგებს კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ წარუდგინა.