Loading data...
ნინო წილოსანი ქალ მეცნიერებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი წარმატებულ ქალ მეცნიერებს შეხვდა.

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება მეცნიერების განვითარების საქმეში ქალ მეცნიერთა როლზე და ქალი მეცნიერებისადმი, მათ შორის, ახალგაზრდა მკვლევრებისადმი სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობაზე გამახვილდა.

„შეხვედრაზე მოწვეული გვყავდა 11 თებერვალს - მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს დაჯილდოებული წარმატებული ქალი მეცნიერები. მათთან ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ხშირად ვმსჯელობთ ქალი მეცნიერების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობასა და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში ჩართულობის მხარდაჭერაზე. ამჯერადაც ვისაუბრეთ იმ საჭიროებებზე, რომლებიც მეცნიერთა წინაშე დგას და ასევე მათ სამომავლო პრიორიტეტებზე“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას მეცნიერების სფეროში მოღვაწე ქალების მხარდაჭერა წარმოადგენს და სამინისტროს მხრიდან ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მეცნიერების მიმართულებით სერიოზული რეფორმების განხორციელებისთვის მზადყოფნა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ანა მღებრიშვილი.