Loading data...
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები მეორე მოსმენით წარადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, წარმოდგენილი ცვლილებებით არსებული საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორება ხდება, რომლის შედეგადაც საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებლობა მიეცემა შემჭიდროვებულ ვადებში ეფექტიანად განახორციელოს საკონსტიტუციო კონტროლი იმ პოლიტიკური პარტიებზე, რომელთა მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას.

მისივე თქმით, ცვლილებების შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად გამოცხადებული პოლიტიკური ძალის რეინკარნაციისთვის სამართლებრივი სივრცე იზღუდება.

თორნიკე ჭეიშვილმა ცვლილებების პროექტი მუხლობრივად წარადგინა და აღნიშნა, რომ კანონპროექტების პირველი მოსმენის შემდეგ, მასში დამატებითი ცვლილებები არ ასახულა. სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი მეორე მოსმენით წარადგინა.

მისი თქმით, ცვლილებები მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის შექმნას უკავშირდება. მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის პირველი მოსმენის შემდეგ, მის რედაქციაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, რომლებიც კომიტეტის აპარატთან კონსულტაციების შედეგად მომზადდა.

კანონპროექტის მუხლობრივი განხილვისას დამატებითი შენიშვნები და ცვლილებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს სხდომაზე განხილულ საკითხებს და პლენარულ სხდომაზე კანონპროექტების მეორე მოსმენით გატანას მხარი დაუჭირეს.