გიორგი ჩაკვეტაძემ „ახალგაზრდული რეგიონული ფორუმის“ გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ ბათუმში, „ახალგაზრდული რეგიონული ფორუმის“ გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
სიტყვით გამოსვლისას, გიორგი ჩაკვეტაძემ ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების კუთხით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ამ მხრივ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე, რეგიონებში ახალგაზრდებისთვის აუცილებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე.
ფორუმის მიზანს მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი პროექტების შემუშავება და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა წარმოადგენს.
ფორუმის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ზურაბ იაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაციკაძემ, თბილისის საკრებულოს წევრმა ანა კაკაბაძემ, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ ანზორ მეგრელიშვილმა, სსიპ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გაბაიძემ და საჯარო უწყებებიდან ახალგაზრდული სფეროს წარმომადგენლებმა.
ფორუმის მონაწილეები სამი დღის განმავლობაში განიხილავენ შემდეგ საკითხებს: ახალგაზრდული პოლიტიკა და რეგიონული გამოწვევები; არაფორმალური განათლების მნიშვნელობა ახალგაზრდულ სფეროში; თვითმმართველი ორგანიზაციების გამოცდილება ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებისას.
ფორუმი ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პროგრამის, „ახალგაზრდების ინტელექტუალური, კულტურული და კარიერული განვითარების მხარდაჭერის“ ფარგლებში საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან და თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობით იმართება.
ღონისძიება „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმის” ეგიდით ტარდება, რომელიც 2018 წელს თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით დაფუძნდა და ყოველწლიურად სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იმართება.