Loading data...
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა სხდომაზე განმარტა, კანონპროექტით განისაზღვრება ინოვაციური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების სამართლებრივი სტატუსი და შესაბამისად, გამოიყოფა სამი დეფინიცია: „ინოვაციური სტარტაპი“, „ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია“ და „კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანია“.

„ინოვაციური სტარტაპი“ - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირია, რომელიც აკმაყოფილებს ინოვაციური სტარტაპის სტატუსისთვის კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

„ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია“ - ინოვაციური საქმიანობის განმახორციელებელ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოებაა, რომლის გაწეული კვლევებისა და განვითარების ხარჯების მოცულობა წარმოადგენს იმავე ფინანსური წლისათვის კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლების მოცულობის მინიმუმ 5%-ს, არანაკლებ 100,000 ლარისა და აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

„კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის“ მიზანია კვლევებისა და განვითარების მომსახურების სტიმულირება და კერძო სექტორში მასზე წვდომის გაზრდა. აღნიშნული სტატუსი შეიძლება ერთჯერადად და უვადოდ მიენიჭოს პირს, რომელიც აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

ირაკლი ნადარეიშვილმა კომიტეტს კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა. მისი განცხადებით, „ფაქტორინგის შესახებ“ კანონპროექტისა და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღებით ჩამოყალიბდება ფაქტორინგის განმსაზღვრელი და მომწესრიგებელი სამართლებრივი ჩარჩო, რაც ნათლად დაადგენს ფაქტორინგული ტრანზაქციის განხორციელების მოსალოდნელ სამართლებრივ და ფინანსურ შედეგებს; ჩამოაყალიბებს ფაქტორინგის მხარეების და მასთან დაკავშირებული სუბიექტების უფლებრივი და ვალდებულებითი დაცვის სამართლებრივ მექანიზმებს, გააჩენს ფაქტორინგის რეესტრის შექმნის, სტრუქტურირებისა და აღნიშნული რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებულ ინსტიტუციური ფუნქციების გამანაწილებელ სამართლებრივ ჩარჩოს, რაც უზრუნველყოფს ფაქტორინგის გარიგებასთან დაკავშირებული შესაძლო რისკების მაქსიმალურ მიტიგაციას.

პროექტის თანახმად, ჩამოყალიბდება ფაქტორინგის რეესტრი, შესაძლებელი გახდება ახალი სუბიექტის - ფაქტორინგული კომპანიის რეგისტრაცია. ფაქტორინგული პლატფორმის შექმნის შესაძლებლობის გაჩენით ხელი შეეწყობა აღნიშნული პლატფორმის ჩამოყალიბებას, რომელიც ფაქტორინგის განხორციელებას შესაძლებელს გახდის ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიის გამოყენებით. შედეგად, დაფინანსების მოპოვების მსურველი სუბიექტებისათვის გაჩნდება ფინანსების მოზიდვის კიდევ ერთი საშუალება ფაქტორინგის სახით, ხოლო საფინანსო სექტორში გაჩნდება კანონმდებლობით რეგულირებული ფინანსური მომსახურების გაწევის ახალი ფორმა.

კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვან კონკურენციას შემოიტანს ფინანსურ ბაზარზე.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტებს.