ზელენსკის თქმით, უკრაინა - ჩრდილოეთ ევროპის სამიტზე კიევისთვის „პეტრიოტის“ დამატებითი სისტემების მიწოდება განიხილეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა - ჩრდილოეთ ევროპის მეოთხე სამიტის შედეგები შეაჯამა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემების მიწოდების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაური Telegram-ზე წერს.
ზელენსკის თქმით, სამიტი პროდუქტიული იყო და მხარეებმა განიხილეს, თუ როგორ მიაწოდონ უკრაინას „პეტრიოტის“ დამატებითი სისტემები.
„საუკეთესო, რაც შეიძლება მოისმინოთ პარტნიორებისგან ასეთი ომის პირობებში, არის: რა არის შემდეგი ნაბიჯი, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად შეგვიძლია გადავდგათ. დანია, ისლანდია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი მზად არიან, გაზარდონ მხარდაჭერა ჩვენი თავდაცვისთვის.
მათ განიხილეს, თუ როგორ მიეწოდება უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები, კერძოდ, „პეტრიოტები“. ისინი შეთანხმდნენ თავდაცვის წარმოების გაზრდაზე როგორც უკრაინაში, ასევე პარტნიორებს შორის. რუსული აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა მხოლოდ გაიზრდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა პარტნიორი სკანდინავიური ქვეყნებიდან მხარს უჭერს უკრაინის „გამარჯვების გეგმას“.
„დეტალურად განვიხილეთ ჩვენი გეოპოლიტიკური განსაზღვრულობის აუცილებლობა. უკრაინის ნატოში მიწვევა არის გზა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ალიანსის ყველა პარტნიორის გასაძლიერებლად“, - დასძინა მან.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მხარეები ასევე იზიარებენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების აუცილებლობასაც, კერძოდ, აგრესიის დასაფინანსებლად ჩრდილოვანი ტანკერების ფლოტის გამოყენების შესაძლებლობის შეზღუდვას.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პარტნიორებს ჩრდილოეთ ევროპაში ამაში მხარს უჭერენ ევროკავშირისა და G7-ის ყველა პარტნიორი.
პუტინის ჩრდილოვანი ტანკერების ფლოტი გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს და დროა, ვიპოვოთ გამოსავალი მის დასამარცხებლად“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.