WSJ: აშშ ირანზე დარტყმამდე ახლო აღმოსავლეთში საჰაერო თავდაცვას აძლიერებს
ამერიკის შეერთებული შტატები ირანის მხრიდან შესაძლო საპასუხო დარტყმებისთვის ემზადება და ახლო აღმოსავლეთში დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს განალაგებს, - ამის შესახებ The Wall Street Journal ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, რეგიონში უკვე განლაგდა ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნის“ მეთაურობით დამრტყმელი ჯგუფი, ხოლო F-35 და F-15E გამანადგურებლები პოტენციურ საბრძოლო ზონასთან უფრო ახლოს გადაინაცვლებენ.
ამავდროულად, როგორც ვაშინგტონში აღნიშნეს, ირანის წინააღმდეგ ძალის გამოყენების გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
„ტრამპს ჯერ არ გადაუწყვეტია, გამოიყენებს თუ არა ძალას ან როგორ. თუმცა, აშშ-ის საჰაერო დარტყმები ირანზე გარდაუვალი არ არის, აცხადებენ აშშ-ის ოფიციალური პირები, რადგან პენტაგონი დამატებით საჰაერო თავდაცვას განალაგებს, რათა უკეთ დაიცვას ისრაელი, არაბი მოკავშირეები და აშშ-ის ჯარები ირანის მხრიდან საპასუხო დარტყმის და პოტენციურად გახანგრძლივებული კონფლიქტის შემთხვევაში“, - წერს WSJ.
ამერიკელი ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ, რომ თუ დონალდ ტრამპი ამის ბრძანებას გასცემს, შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, ირანზე საჰაერო დარტყმები განახორციელოს, თუმცა ისინი თეირანისგან სარკისებურ პასუხს პროგნოზირებენ. სწორედ ამიტომ, პენტაგონი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებაზე დებს ფსონს. ამ მიზნით, აშშ დამატებით განათავსებს THAAD-ის ბატარეებს და Patriot-ის კომპლექსებს იორდანიის, ქუვეითის, ბაჰრეინის, საუდის არაბეთისა და კატარის სამხედრო ბაზებზე.
გარდა ამისა, რეგიონში უკვე იმყოფებიან აშშ-ის გამანადგურებლები, რომლებსაც აქვთ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესაძლებლობები და შეუძლიათ ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების ჩაჭრა. ზოგიერთი გემი პატრულირებს ჰორმუზის სრუტის, არაბეთის ზღვის, წითელი ზღვისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის მახლობლად.