ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების საქმიანობას ზღუდავს

„ევროკავშირისგან მიღებული გაფრთხილებების მიუხედავად, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის“, - წერს უკრაინული მედია და განმარტავს, რომ ამიერიდან ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა სახელმწიფოს გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებს დაექვემდებარება.
კანონის წინააღმდეგ უკრაინის ოთხ ქალაქში: კიევში, ლვოვში, დნეპრსა და ოდესაში საპროტესტო აქციები გაიმართა. მიუხედავად ამისა, ზელენსკიმდე მას ხელი უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმაც მოაწერა.
რაც შეეხება ევროკავშირის დამოკიდებულებას, კენჭისყრამდე ევროკომისია შეშფოთებას გამოხატავდა კანონის გარშემო არსებული ვითარების გამო. ევროპარლამენტარების თქმით, ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა გადამწყვეტია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისას და მათ დამოუკიდებლად უნდა იმოქმედონ კორუფციასთან საბრძოლველად და საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად.
ევროკომისიამ, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრაინას მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევს „გამჭვირვალობის, სასამართლო რეფორმისა და დემოკრატიული მმართველობის სფეროებში პროგრესის მისაღწევად“.
„ანტიკორუფციული უწყებების დამოუკიდებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის ევროინტეგრაციისთვის“, - აღნიშნა ევროკომისარმა, გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა.