ვენსი უარყოფს ირანის ბრალდებას, რომ აშშ-მა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია და აცხადებს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა გააკრიტიკა ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი, რომელმაც განაცხადა, რომ აშშ-მა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. ვენსის თქმით, ღალიბაფის პრეტენზიები „აბსურდულია“.
„რეალურად მაინტერესებს, რამდენად კარგად ესმის ინგლისური, რადგან არის რაღაცები, რაც მან თქვა და რაც, გულწრფელად რომ ვთქვათ, აზრს მოკლებული იყო ჩვენ მიერ გამართული მოლაპარაკებების კონტექსტში“, - განუცხადა ვენსმა ჟურნალისტებს Air Force Two-ს გარეთ, როდესაც ის უნგრეთს ტოვებდა და აშშ-ში ბრუნდებოდა.
რამდენიმე საათით ადრე ღალიბაფმა X-ზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ აშშ-მა ქვეყნებს შორის 7 აპრილს მიღწეული შეთანხმება დაარღვია, რადგან ლიბანზე დარტყმები არ შეაჩერა, ირანის საჰაერო სივრცე დაარღვია და უარყო თეირანის უფლება ურანის გამდიდრების შესახებ.
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ იცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს.
მან ასევე უარყო ირანის მტკიცება, რომ ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დაცული იყო და რომ ირანს შეეძლო ურანის გამდიდრების გაგრძელება. ვენსის თქმით, აშშ არასდროს დაეთანხმა ლიბანთან დაკავშირებულ საკითხს და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ რეჟიმმა უარი თქვას გამდიდრებულ ურანზე.
„ჩვენ ნამდვილად არ გვაინტერესებს ის, რაც, მათი მტკიცებით, მათი უფლებაა. ჩვენ გვაინტერესებს ის, თუ რას აკეთებენ ისინი სინამდვილეში“, - აღნიშნა ვენსმა.
ამასთან, ვენსის თქმით, „შეთანხმების ბევრი საკითხი არსებობს“, ირანის პარლამენტის სპიკერის კონკრეტული პრეტენზიების გარდა.
„მან თქვა, რომ რამდენიმე უთანხმოება არსებობს. ეს, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ ბევრ საკითხზე არსებობს შეთანხმება, რადგან არსებობს 15-პუნქტიანი გეგმა. არსებობს 10-პუნქტიანი გეგმა“, - დასძინა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.