The Washington Post : ოკუპანტებს უკრაინაში ყველაზე სწრაფი წინსვლა აქვთ ომის პირველი დღეების შემდეგ
რუსი ოკუპანტები უკრაინაში ყველაზე სწრაფი ტემპით მიიწევენ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. ამის შესახებ The Washington Post წერს და დასძენს, რომ ამ ფონზე, ფრონტზე მყოფი სულ უფრო მეტი უკრაინელი სამხედრო ემხრობა რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების იდეას აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირობებში.
The Washington Post ფრონტის ხაზზე მებრძოლ უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ იარაღის დეფიციტი კვლავ არსებობს, თუმცა, რუსების წინსვლის უპირველესი მიზეზი მათი მხრიდან რეგულარული თავდასხმებია.
„მოკლავ ერთ რუსს და მის ადგილას თითქოს მეორე ჩნდება. ისეთი შეგრძნებაა, რომ მათი რაოდენობა შეუზღუდავია“, - ეუბნება ჟურნალისტებს უკრაინის 35-ე საზღვაო ბრიგადის ქვეითი ჯარისკაცი, სახელად ვალენტინი.
ამასთან, გამოცემა წერს, რომ სულ უფრო მეტი უკრაინელი ჯარისკაცი ემხროვა ტრამპის მოწოდებებს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ჟურნალისტების მოსაზრებით, ეს გამოწვეულია თავდაცვის ძალების მებრძოლების გადაღლილობითა და საბრძოლო სულისკვეთების დაკარგვით.
თუმცა, როგორც The Washington Post წერს, ამის მიუხედავად, ისინი ჟურნალისტებს ეუბნებიან, რომ სკეპტიკურად უყურებენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმების პერსპექტივას იქამდე, სანამ ინიციატივა ბრძოლის ველზე მისი ჯარისკაცების ხელშია.
„ისინი შიშობენ, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მტკივნეული დათმობზე წასვლა მოუწევს“, - აღნიშნულია სტატიაში.