საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციების 300-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

საფრანგეთში, სადაც 18 სექტემბერს მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა, 309 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრუნო რეტაიომ განაცხადა, იუწყება Le Figaro.
მინისტრის თქმით, ქვეყნის მასშტაბით სულ 700 საპროტესტო აქცია გაიმართა.
„ჩვენი უსაფრთხოების ძალების წინასწარ განლაგებამ შემაკავებელი როლი ითამაშა“, - აღნიშნა რეტაიომ.
საერთო ჯამში, საფრანგეთის ხელისუფლების შეფასებით, საპროტესტო აქციებში დაახლოებით 500 000 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგან 50 000-100 000 პარიზის ქუჩებში გამოვიდა. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაახლოებით 6 000 პოლიციელი და ჟანდარმი იყო მობილიზებული.
რეტაიომ ასევე დასძინა, რომ დაკავებული 309 ადამიანიდან 134 პატიმრობაში რჩება.
გარდა ამისა, მისი თქმით, „დაშავდა 26 სამართალდამცველი“.
ცნობისთვის, საფრანგეთში უკვე რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ფრანსუა ბაირუს საბიუჯეტო გეგმას ეწინააღმდეგებიან, რომელიც ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს.
ბევრი მიიჩნევს, რომ ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრის სებასტიან ლეკორნუს საბიუჯეტო წინადადებები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება მთავრობის წინა მეთაურის, ფრანსუა ბაირუს მიერ შეთავაზებული წინადადებებისგან, რომლებიც უზარმაზარი სახელმწიფო ვალის შემცირებას ისახავდა მიზნად.