Loading data...
მონტენეგროში იარაღის კანონს გაამკაცრებენ

მონტენეგროს ხელისუფლება იარაღის შენახვის შესახებ წესების გამკაცრებას გეგმავს. ეს გადაწყვეტილება ქალაქ ცეტინეში მასიური მკვლელობის შემდეგ იყო მიღებული. ინფორმაციას Deutche welle ავრცელებს.

როგორც მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა მილოიკო სპაიჩმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი კანონი ქვეყანაში უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

პრემიერის განცხადებით, ცეცხლსასროლი იარაღის ლიცენზიის მქონე პირებმა 2026 წლის 1 იანვრამდე დამატებითი ფსიქოლოგიური კვლევა უნდა ჩაიტარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ლიცენზიას ჩამოართმევენ. ვინც იარაღს ლიცენზიის გარეშე ფლობს, 2 თვის ვადაში ის უნდა ჩააბაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

მონტენეგროს უშიშროების საბჭოს სხდომის დროს პოდგორიცაში ასობით ადამიანი მიტინგზე გავიდა და ხელისუფლება იარაღზე არაეფექტიან კონტროლში დაადანაშაულა.

ცნობისთვის, 2025 წლის 1 იანვარს მონტენეგროს ქალაქ ცეტინეში მასიური მკვლელობა მოხდა. ბარში ჩხუბის შემდეგ აცო მარტინოვიჩი იქ იარაღით დაბრუნდა და ცეცხლი გახსნა. სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. შემდეგ მარტინოვიჩი ქუჩაში გავიდა, იქ ქალი და ორი ბავშვი მოკლა და მიიმალა. პოლიციის მიერ დაკავების დროს აცომ თავი მოიკლა.