ინდოეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ ქვეყანაში არსებულ ყველა Boeing 787-ს შეამოწმებენ

ინდოეთის ავიაციის მარეგულირებელი ორგანო ქვეყანაში არსებულ ყველა Boeing 787 Dreamliner-ის თვითმფრინავის შემოწმებას იწყებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სამხრეთ ქალაქ აჰმედაბადში ლაინერმა ავიაკატასტროფა განიცადა. ამის შესახებ ინდოეთის ავიაციის მინისტრმა რამ მოჰან ნაიდუმ განაცხადა. წერს Bloomberg-ი.
მინისტრის თქმით, ავიაკატასტროფის ყველა ასპექტის გამოსაძიებლად შეიქმნა სპეციალური სააგენტოთაშორისი ჯგუფი და ანგარიშის მოსამზადებლად სამი თვე მიეცა.
ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა დირექტორატმა უკვე ბრძანება გასცა ჩაუტარდეს ტექნიკური შემოწმება Air India-ს ყველა Boeing 787-8 და 787-9 Dreamliner-ს, რომლებიც აღჭურვილია General Electric-ის GEnx ძრავებით.
დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საგამოძიებო ჯგუფები ავიაკატასტროფის გამოძიებაში დასახმარებლად ინდოეთში ჩავიდნენ.
შეგახსენებთ, ავიაკომპანია Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში განიცადა. თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში, საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა. ავიაკომპანიის ცნობით, 230 მგზავრიდან 169 ინდოეთის მოქალაქე იყო, 53 - ბრიტანეთის, 7- პორტუგალიის და 1 - კანადის.
ავიაკატასტროფის შედეგად მხოლოდ 1 ადამიანი გადარჩა. ის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე 40 წლის ვიშვაშ კუმარ რამეშია.
„როდესაც ავდექი, ჩემ გარშემო ყველგან გვამები იყო. შემეშინდა, ავდექი და გავიქეცი. ჩემ გარშემო ყველგან თვითმფრინავის ნამსხვრევები იყო. ვიღაცამ ხელი მომკიდა, სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩამსვა და საავადმყოფოში წამიყვანა“, - განაცხადა ვიშვაშ კუმარ რამეშმა.