იაპონიამ ოკეანის სიღრმეში იშვიათი ლითონები აღმოაჩინა
იაპონიის მიერ ჩატარებული კვლევითი მისიის დროს წყნარ ოკეანეში, 6000 მეტრის სიღრმეზე აღმოჩენილია ნადები, რომელიც იშვიათ ლითონებს შეიცავს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
კვლევით მისიაში სპეციალური გემი, „ჩიკიუ“ მონაწილეობდა. იშვიათი ლითონები მინამიტორის ატოლთან აღმოაჩინეს. მეცნიერების შეფასებით, ოკეანეში, შესაძლოა, 16 მლნ ტონა იშვიათი ლითონი არსებობდეს.
„თუ იაპონია მინამიტორის მახლობლად მუდმივ რეჟიმში იშვიათი ლითონების მოპოვებას შეძლებს, ეს მრეწველობის საკვანძო დარგებისთვის მიწოდების მთელ ჯაჭვს უზრუნველყოფს“, - განაცხადა იაპონიის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მეცნიერმა მუშაკმა ტიკახირო კამისუნამ. მისი თქმით, ეს ფაქტი იაპონიას შესაძლებლობას მისცემს, რომ ჩინეთიდან იშვიათი ლითონების იმპორტზე დამოკიდებული აღარ იყოს.
იშვიათი ლითონების ჩამონათვალში 17 ქიმიური ელემენტი შედის. ის აუცილებელია მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების წარმოებისთვის, კერძოდ რადიოელექტრონიკის და დანადგარების წარმოებისას.იშვიათი ლითონების დამტკიცებული მარაგებით პირველ ადგილზეა ჩინეთი (44 მლნ ტონა), შემდეგ მოდის ვიეტნამი (22 მლნ ტონა), ბრაზილია (21 მლნ ტონა), რუსეთი (10 მლნ ტონა) და გრენლანდია (2 მლნ ტონა).