FT: ევროპასა და უკრაინაში შიშობენ, რომ ტრამპი „სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან“ გასვლის საბაბს ეძებს

ევროპელი და უკრაინელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა, კიევთან და მოსკოვთან „სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადოს და საბაბად მცირე პროგრესი გამოიყენოს. ამის შესახებ Financial Times-ის სტატიაშია ნათქვამი.
Financial Times-თან საუბრისას ოთხმა პირმა განაცხადა, რომ ევროპასა და უკრაინაში არსებობს რწმენა, რომ ტრამპი მზადაა, გამოიყენოს ნებისმიერი „გარღვევა“ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ამ კვირაში, როდესაც მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის 100 დღე შესრულდება.
ერთ-ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას ანონიმურად განუცხადა, რომ ტრამპი „ქმნის სიტუაციას, რომელშიც ის საკუთარ თავს აძლევს საბაბს, წავიდეს და გამოსავალი უკრაინას და ჩვენ [ევროპას] დაგვიტოვოს“.
მან დასძინა, რომ კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის სურვილმა, არ დაეთანხმოს აშშ-ისა და უკრაინის ძირითად მოთხოვნებს, როგორიცაა ომის დასრულების შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება, ასევე, ომის სირთულემ ტრამპი აიძულა, გადააფასოს თავისი ერთგულება სამშვიდობო შეთანხმების მიმართ.
FT-ის წყაროები თანხმდებიან, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული „სამშვიდობო გეგმა“ ტრამპის ვადებზე მორგების სურვილიდან გამომდინარეობდა.
გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, „არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსები შესაძლოა, დაეთანხმონ“ ამერიკულ გეგმას, თუმცა „არაფერია ისეთი, რაც ამ წინადადების განხორციელებას უზრუნველყოფს“.
ზოგიერთმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა ასევე განუცხადა FT-ს, რომ შიშობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „სამშვიდობო მოლაპარაკებებს“ დატოვებს. სტატიაში ნათქვამია, რომ ამის ფონზე კიევმა იარაღის შიდა წარმოება ჩუმად გაზარდა და ევროპელ მოკავშირეებთან მომავალი დახმარების შესახებ მოლაპარაკებები გაააქტიურა.