Loading data...
ესპანეთის 90%-სა და პორტუგალიის უმეტეს რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

მასშტაბური ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ, ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. 

ოპერატორებმა ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზად, ტემპერატურის ექსტრემალური ცვალებადობა დაასახელეს, რის გამოც, ორ ქვეყანაში, მოსახლეობა მატარებლების, მეტროს, შუქნიშნების, ბანკომატების, ტელეფონებისა და ინტერნეტის გარეშე დარჩა.

„ხალხი ლიფტებში იყო ჩარჩენილი, მატარებლებსა და საცობში გაჭედილი, მიტოვებული აეროპორტებში. ასობით ათასი ადამიანი, ტელეფონის ფანრების გამოყენებით, მეტროს ბნელ გვირაბებში დაეხეტებოდა, სხვები კი, სუპერმარკეტებში, სადაც, მხოლოდ, ნაღდი ფულის მიღება იყო შესაძლებელი, პირველადი მოხმარების საგნებს დაეძებდა,“ - იუწყება The Guardian.

მობილური ქსელები და ინტერნეტთან წვდომა გაითიშა 12:33 საათზე (11:33 BST). კლინიკებმა რუტინული ოპერაციები გადადეს, მაგრამ კრიტიკული სიტუაციების მოსაგვარებლად, გენერატორებს იყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული ბანკინგი სარეზერვო სისტემებზე ფუნქციონირებდა, ბანკომატების უმეტესობა, მაინც, ცარიელი იყო. 

შეგახსენებთ, რომ პირენეის ნახევარკუნძულზე ელექტროენერგია 28 აპრილს გაითიშა, მისი მიწოდება კი, ესპანეთის მატერიკის, თითქმის, 90%-ს დღეს, 29 აპრილს, გამთენიისას აღუდგა.

პორტუგალიაში კი, ქვეყნის ეროვნული ელექტროქსელის ოპერატორის ცნობით, ელექტროენერგია 6.5 მილიონი ოჯახიდან 6.2 მილიონს, უკვე, მიეწოდება. შესაბამისად, როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო მედია იუწყება, მადრიდისა და ლისაბონის ქუჩები, ისევ, განათდა.