Loading data...
„ჩვენ ვაფასებთ მის სიცხადესა და სიმტკიცეს“ - სიბიგა პუტინისთვის ვადის შემოკლებაზე ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინისთვის მშვიდობის დამყარების ვადის შემოკლების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელის პოზიცია „რეალისტური და მტკიცეა“. სიბიგას განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს

უკრაინელმა მინისტრმა გაიხსენა, რომ პუტინი ყველა სამშვიდობო ძალისხმევას უარყოფს. მან ასევე დასძინა, რომ უკრაინული მხარე აფასებს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოვლენილ „სიცხადესა და ძალას“.

„პუტინი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტას, თავს არიდებს ლიდერების შეხვედრას და ომს აჭიანურებს. ის ტერორს მხოლოდ მაშინ შეწყვეტს, როდესაც მისი ეკონომიკის ხერხემალს დავამსხვრევთ, რომელსაც უკვე აქვს სისტემური პრობლემები და მის სამხედრო ბიუჯეტს შევამცირებთ. შეერთებულ შტატებს, ევროპასა და „შვიდეულის“ ჯგუფის ქვეყნებს ამისთვის საჭირო ძალა აქვთ“, - ხაზგასმით აღნიშნა სიბიგამ.

ამ კონტექსტში, მისი თმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მაქსიმალური სინქრონიზაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„ახლა შესაფერისი მომენტია. დროა, ერთიანი და ძლიერი სანქციების მუშტი გავაერთიანოთ და მთელი ძალით დავარტყათ რუსეთის სამხედრო ბიუჯეტს“, - დასძინა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან გაიხსენა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინამ თავისი სანქციები ევროკავშირის სანქციების წინა  პაკეტებთან სინქრონიზაციაში მოიყვანა. კიევი, თავის მოკავშირეებთან ერთად, ასევე დგამს ნაბიჯებს კანონმდებლობაში ხარვეზების აღმოსაფხვრელად და რუსეთისთვის ტექნოლოგიებზე წვდომის შესაფერხებლად.

„მომდევნო კვირების განმავლობაში ყველა პარტნიორის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მაქსიმალური სინქრონიზაცია უნდა მოხდეს, რათა აგრესორისთვის ომის ფასი გაიზარდოს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან ამ მიზნის მისაღწევად“, - დაასკვნა სიბიგამ.

ინფორმაციისთვის, დონალდ ტრამპმა 28 ივლისს შოტლანდიაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ კირ სტარმერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას 10, ან 12 დღემდე ამცირებს.