Loading data...
ავღანეთში ლტოლვილების სატვირთო მანქანის გადაბრუნებას 18 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ავღანელი ლტოლვილების გადამყვანი სატვირთო ავტომობილი მაგისტრალზე გადაბრუნდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა.

პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენლის აბდულ მალიქ ნიაზაის განცხადებით, დაღუპულთა შორის 10 ბავშვი და 5 ქალია.  დაშავებულები სამკურნალოდ ნანგარჰარის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

„თალიბანის“ მთავრობის წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდიმ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

ავღანეთში საგზაო შემთხვევები ხშირია, რასაც ცუდად მოვლილი გზები და მოძრაობის წესების უგულებელყოფა განაპირობებს.

ავარიაში მოყოლილი მგზავრები იმ ათასობით ავღანელს შორის იყვნენ, რომლებიც ბოლო პერიოდში პაკისტანიდან დაბრუნდნენ. 2023 წლიდან პაკისტანმა არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ კამპანია დაიწყო, რის შედეგადაც ბევრი ავღანელი დეპორტირებული იქნა ან იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. მსგავსი ზომები მოგვიანებით ირანმაც მიიღო. მას შემდეგ მილიონობით ავღანელი დაბრუნდა სამშობლოში, მათ შორის ბევრი, ვინც პაკისტანში იყო დაბადებული და იქ ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა.