Loading data...
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: გერმანიაში ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა გაუარესდა

2024 წელს გერმანიაში ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„ადამიანის უფლებების მხრივ მნიშვნელოვანი პრობლემებია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ანტისემიტიზმის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის, ძალადობის და მუქარის შესახებ სანდო ინფორმაციის არარსებობა“, - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ამასთანავე, მასში წერია, რომ გერმანიის ხელისუფლებამ გარკვეული ზომები მიიღო ადამიანის უფლებათა დარღვევის ჩამდენი პირების სამართლებრივი დევნის უზრუნველყოფის მიმართულებით.

მოხსენების დიდი ნაწილი ეხება გერმანიაში სიტყვის თავისუფლების მიმართულებით პრობლემებს. გერმანიის კანონმდებლობა საერთო ჯამში სიტყვის თავისუფლებას უზრუნველყოფს. ამასთანავე, მთავრობამ გარკვეული შეზღუდვები დააწესა იმ ჯგუფების გამოხატვის თავისუფლებაზე, რომლებსაც ის ექსტრემისტულად თვლიდა.

„მთავრობამ დააკავა და გაასამართლა რამდენიმე პირი, რომელთა გამონათქვამები რასობრივი სიძულვილის გაღვივებას, ნაციზმის გამართლებას და ჰოლოკოსტის უარყოფას შეიცავდა“, - წერია მოხსენებაში.

მოხსენებაში აღნიშნულია კანონები, რომლებიც სოციალურ ქსელებში კონტენტს არეგულირებს. ასევე, საუბარია პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, განსაკუთრებით საპროტესტო აქციების გაშუქების დროს.

სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში, ასევე, წერია, რომ გერმანიაში მრავალი დანაშაული და მუქარა ანტისემიტიზმის ნიადაგზეა ჩადენილი.

„ანტისემიტიზმის გამოვლინებებს ადგილი ჰქონდა დემონსტრაციების, საზოგადოებრივი ღონისძიებების დროს, სკოლებში, ქუჩებში, მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთ საშუალებაში და ინტერნეტში. ანტისემიტური გამონათქვამების გარდა, ყველაზე გავრცელებული ანტისემიტური აქტებია ჰოლოკოსტის მსხვერპლთა სასაფლაოების და ძეგლების დარბევა, ასევე, იმ პირებზე ფიზიკური თავდასხმების რაოდენობის ზრდა, რომლებიც მიაჩნიათ, რომ ებრაელები არიან“, - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.