ანჯეი დუდა: პოლონეთი იბრძოლებს უკრაინის მონაწილეობისთვის მის მომავალთან დაკავშირებულ ყველა მოლაპარაკებაში
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ უკრაინა უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა მოლაპარაკების ფორმატში მის მომავალთან დაკავშირებით და ამისთვის პოლონეთმაც უნდა იბრძოლოს. ამის შესახებ მან Trwam-თან ინტერვიუში განაცხადა.
პოლონეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეუძლებელია უკრაინის მომავლის შესახებ შეთანხმება უკრაინის გარეშე შედგეს.
„არ არსებობს შესაძლებლობა, რომ უკრაინის მომავალთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმება უკრაინის გარეშე გაფორმდეს“, - განაცხადა დუდამ.
მისი თქმით, პოლონეთი ამ საკითხში საკუთარ რთულ ისტორიულ გამოცდილებას ეყრდნობა, მათ შორის, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შესახებ შეთანხმებებს.
„თუ ჩვენ არ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ უკრაინა დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან იყოს, შესაძლოა მსგავსი ქმედებები მომავალშიც მოხდეს. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ასეთი პრაქტიკა აღარ განმეორდეს“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.