Loading data...
აიათოლა ალი ხამენეი: აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ დარტყმას „სერიოზული, გამოუსწორებელი შედეგები“ მოჰყვება

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებას ისრაელთან კონფლიქტში ქვეყნის უპირობო დანებების შესახებ და განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ დარტყმას „სერიოზული, გამოუსწორებელი შედეგები“ მოჰყვება.

„ეს ერი არასდროს დანებდება ვინმეს ზეწოლას. ამერიკამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი სამხედრო ჩარევა უდავოდ გამოუსწორებელ ზიანს გამოიწვევს“, - განაცხადა ხამენეიმ სახელმწიფო ტელევიზიით სიტყვით გამოსვლისას. 

ცნობისთვის, მანამდე ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, რომ აშშ-მა ზუსტად იცის ირანის ე.წ. „უზენაესი ლიდერის“ ადგილსამყოფელი. 

„ჩვენ ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. „უზენაესი ლიდერი“. ის მარტივი სამიზნეა, მაგრამ იქ უსაფრთხოდ არის - ჩვენ არ ვაპირებთ მის მოკვლას, ყოველ შემთხვევაში, ახლა არა. მაგრამ არ გვინდა, რომ რაკეტები მშვიდობიან მოსახლეობას, ან ამერიკელ ჯარისკაცებს ესროლონ. ჩვენი მოთმინება იწურება“, - დაწერა ტრამპმა.

მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის მისამართით დაწერა: „უპირობო დანებება!“