ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა დონბასიდან არ გავა

უკრაინა დონბასიდან არ გავა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, თუ ტერიტორიების გაცვლის რა კონფიგურაციას სთავაზობენ ამერიკელები, ზელენსკიმ განაცხადა:
„ჩვენ დონბასიდან არ გავალთ. ამას ვერ გავაკეთებთ. ყველას ავიწყდება პირველი ნაწილი - ჩვენი ტერიტორიები უკანონოდაა ოკუპირებული“.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსებისთვის დონბასი „მომავალი ახალი შეტევის პლაცდარმია“.
„სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, თუ დღეს ჩვენ დონბასიდან, ჩვენი გამაგრებებიდან, ჩვენი რელიეფებიდან, ჩვენს მიერ კონტროლირებადი სიმაღლეებიდან გავალთ, ცხადია, „რუსების“ შეტევის მოსამზადებლად პლაცდარმს გავხსნით. რამდენიმე წელიწადში პუტინს გზა გაეხსნება როგორც ზაპოროჟიეს, ასევე, დნეპროპეტროვსკის ოლქებისკენ. და არა მხოლოდ, ასევე, ხარკოვისკენ“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.