სოხუმის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე ბირთვული მედიცინის ცენტრის შექმნა იგეგმება
სოხუმის დე ფაქტო მთავრობის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ დელბამ და ტომსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გენადი რემნევმა სოხუმის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტის განვითარების და მის ბაზაზე ბირთვული მედიცინის ცენტრის შექმნის საკითხი განიხილეს. ცენტრში ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
სოხუმში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ სოხუმის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელი ჯანსუღ ნანბა, სოხუმის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტის დირექტორი ანატოლი მარკოლია, ასევე ტომსკის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი მიხეილ ჟურავლევი.
„საუბარია აფხაზეთში ბირთვული მედიცინის საფუძვლების შექმნაზე, ინსტიტუტის კადრები შესაძლებლობას გვაძლევს, რომ რუს კოლეგებთან ერთად ამ საკითხზე ვიმუშაოთ. ახლა ამ დარგის განვითარების კონცეფცია უნდა შეიქმნას“ , - განაცხადა ანატოლი მარკოლიამ.
გენადი რემნევმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ სოხუმელმა კოლეგებმა მას მხარი დაუჭირეს და იმედი გამოთქვა, რომ სამეცნიერო-კვლევითი პროექტი წარმატებით განხორციელდება.