Loading data...
რუსეთი ცდილობს ერთ-ერთი მიმართულებით „ბუფერული ზონის“ შექმნას - უკრაინის შეიარაღებული ძალები

რუსეთის ძალები ზრდიან ზეწოლას უკრაინულ პოზიციებზე სლობოჟანსკოეს მიმართულებით და ცდილობენ შექმნან ე.წ. „ბუფერული ზონა“ ხარკოვისა და სუმის ოლქებში. თუმცა, უკრაინის დამცველებმა იციან მოწინააღმდეგის გეგმების შესახებ და ეფექტურად ეწინააღმდეგებიან მათ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო-მოიერიშე ძალების მერვე კორპუსის პრესსპიკერმა ვადიმ კარპიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინული დანაყოფების მთავარი ამოცანაა მოწინააღმდეგის გეგმების განხორციელების თავიდან აცილება.

„ჩვენი ამოცანა ახლა არის, ხელი შევუშალოთ მათ ამ „ბუფერული ზონის“ შექმნაში“, - ხაზგასმით აღნიშნა კარპიაკმა.

სამხედროებმა აღნიშნეს, რომ ერთი დღით ადრე, რუსეთის არმიის მცირე ქვეითმა ჯგუფებმა შეუტიეს უკრაინულ პოზიციებს სუმის ოლქის მიროპილიას მიმართულებით, თუმცა დანაკარგები განიცადეს და იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ.

გარდა ამისა, კარპიაკის თქმით, ოკუპანტები ცდილობენ გაზსადენის გამოყენებას ფრონტის ხაზთან ფარულად მისასვლელად. თუმცა, ეს მცდელობებიც წარუმატებლად მთავრდება.

გასულ კვირას, ნახევარ საათში, მტერმა ამ მილის გავლით გადმოსვლის მცდელობისას 18 ჯარისკაცი დაკარგა.

„გასასვლელი წერტილი უკრაინელი დამცველების სრული კონტროლის ქვეშაა“, -  დასძინა მან.