ირანში აცხადებენ, რომ ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს 21 000 „ეჭვმიტანილი“ დააკავეს

ირანში აცხადებენ, რომ ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს 21 000 „ეჭვმიტანილი“ დააკავეს. ამის შესახებ Reuters წერს.
მედიის ცნობით, 13 ივნისს ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ, ირანის უშიშროების ძალებმა დაიწყეს ფართომასშტაბიანი დაკავებები.
ირანის ქუჩებში განთავსებული იყო საკონტროლო პუნქტები და მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, განეცხადებინათ ნებისმიერი იმ პირის შესახებ, ვინც მათი აზრით საეჭვოდ იქცეოდა.
„საზოგადოების მხრიდან ზარების რაოდენობა 41%-ით გაიზარდა, რამაც გამოიწვია 21 000 ეჭვმიტანილის დაკავება, 12-დღიანი ომის განმავლობაში“, – განაცხადა პოლიციის სპიკერმა საეიდ მონტაზეროლმაჰდიმ. ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, რა მიზეზით აკავებდნენ ადამიანებს.
როგორც ახალი ამბების სააგენტო წერს, ისრაელ-ირანის კონფლიქტმა, ასევე, გამოიწვია დეპორტაციის მატება. ეს განსაკუთრებით შეეხო ავღანელ მიგრანტებს. დახმარების სააგენტოები იტყობინებოდნენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ზოგიერთი ავღანელი ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაშიც კი დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, ისრაელის არმიამ ირანის ბირთვული ობიექტებისა და იარაღის საცავების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 13 ივნისს დაიწყო, რასაც ირანმა უპასუხა ისრაელზე რაკეტებითა და დრონებით შეტევით. მოგვიანებით, აშშ-მ ირანში იერიში მიიტანა ფორდოს, ნათანზის და ისპაანის ბირთვულ ობიექტებზე, რასაც ირანმა უპასუხა დარტყმით კატარში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე.