Loading data...
Forbes: რუსეთს საუკუნეები და ათობით მილიონი მსხვერპლი დასჭირდება უკრაინის სრულად დასაპყრობად

რუსეთი დიდ დანაკარგებს განიცდის ადამიანური რესურსების და აღჭურვილობის მხრივ, თუმცა, როგორც ჩანს, მას სამხედრო მოქმედებების შეჩერების გეგმა არ აქვს. ამავდროულად, როგორც Forbes-ის ანალიტიკოსი დევიდ ექსი აფასებს, პროგრესის ამჟამინდელი ტემპით, კრემლს უკრაინის სრულად დასაპყრობად საუკუნეები და ათობით მილიონი მსხვერპლი დასჭირდება.

„აპრილში რუსულმა ჯარებმა უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 68 კვადრატული მილის დაკავება მოახერხეს. მაგრამ ეს მათ 4 800 აღჭურვილობა და 36 600-ზე მეტი დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცი დაუჯდათ. ამავდროულად, აპრილში უკრაინის დანაკარგები „მინიმალური“ იყო“, - აღნიშნავს პოლონური კომპანია Rochan Consulting-ის ანალიტიკოსი კონრად მუზიკა.

„უკრაინის ტერიტორიის 19% რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა. ამჟამინდელი წინსვლისა და დანაკარგების ტემპით, რუსები უკრაინის დანარჩენ ნაწილს 2256 წელს დაიპყრობენ 101 მილიონი მსხვერპლის ფასად. რუსეთის ამჟამინდელი მოსახლეობა 144 მილიონია“, - წერს ექსი.

ამავდროულად, ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ადამიანებისა და აღჭურვილობის დანაკარგებს ჯერ არ გამოუწვევია რუსული სამხედრო ძალების კოლაფსი უკრაინაში.

როგორც ანალიტიკოსი წერს, კრემლი თავის ძალებს აძლიერებს. რუსეთის ფედერაცია, ასევე, ყოველთვიურად 30 000 ჯარისკაცს იძახებს და რადგან ბევრი დაჭრილი საბოლოოდ ფრონტის ხაზზე ბრუნდება.

ევროპაში აშშ-ის არმიის ძალების მეთაურის, გენერალ კრისტოფერ კავოლის თქმით, უკრაინაში რუსული ძალების რაოდენობა რეალურად იზრდება და ამჟამად, სულ მცირე, 600 000 სამხედროს შეადგენს, რაც „თითქმის ორჯერ აღემატება თავდასხმის დროს განხორციელებული ძალების რაოდენობას“.