Loading data...
ლევან გიგინეიშვილი: რაც მივიღეთ ევროპულ კულტურაში და მსოფლმხედველობაში საუკუნეების და მრავალი ისტორიული პერიპეტიების მერე, შეიძლება დახასიათდეს როგორც ონტოლოგიის კრიზისი, ანუ ჭეშმარიტების ტრადიციული გაგების გაცვეთა-გაუქმება

კონსერვატიული პორტალი geo-first.com გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს პროფესორ ლევან გიგინეიშვილთან, რომელიც გახლავთ ფილოლოგი, ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

– ევროპა რომ მრავალი მიმართულებით კრიზისში იმყოფება, ეს სადავო საკითხი აღარ არის. თქვენი აზრით, რა არის ამ კრიზისების საფუძველი, როგორც ღირებულებით, ასევე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილში, და არის თუ არა ურთიერთკავშირი ამ სამ ასპექტს შორის?

კრიზისის ამ მრავალ მიმართულებაში კავშირების დადგენა ჩემთვის რთული იქნება, მით უმეტეს, ეკონომიკის დარგში შორეული განათლებაც არ მაქვს. რაც შეეხება ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობრივ კრიზისს, ვფიქრობ ეს დაკავშირებულია ჭეშმარიტების, აბსოლუტის სტატუსის გააზრების და განცდის, ან თუნდაც, მისით დაინტერესების გაცვეთა-გაფერმკრთალებასთან. მაგალითად, შუა საუკუნეებში ადამიანი მშვიდად უყურებდა და იწონებდა ფაქტს, რომ ერეტიკოსს კოცონზე დაწვავდნენ − ეს დასავლეთშიც ხდებოდა და, შედარებით ნაკლები მასშტაბით, ბიზანტიაში, ასევე სხვა აღმ. ქრისტიანულ ქვეყნებში. ეს, ცხადია, დაუშვებელი და ქრისტიანობასთან შეუთავსებელი რამაა და ძალიან კარგი, რომ ისტორიის განვითარებასთან ერთად ეს წესი მოისპო, მეტიც − რელიგიური იდეების თავისუფალი და ღია გამოთქმის საშუალება კანონით დაცული გახდა. მაგრამ ამ დრომოჭმულ და ნეგატიურ შუასაუკუნეობრივ მოვლენაშიც შეგეძლო დაგენახა ერთი რამ, რაც დღეს ნაკლებად ჩანს: ხალხი რეალურად იყო დაინტერესებული ჭეშმარიტებით, მარადისობით, ღმერთით, საკუთარი მარადიული სტატუსით და სულის ღმერთთან, ანუ ჭეშმარიტებასთან კავშირით. ამიტომ, მათ მიაჩნდათ, რომ ერეტიკოსი უნდა დაისაჯოს, რადგან ის ცრუ სწავლებით მილიონობით ადამიანს ღუპავს. კათოლიკე წმინდანი თომა აკვინელი პირდაპირ წერს, რომ ერეტიკოსი უფრო დამნაშავეა, ვიდრე ყალბი ფულის მომჭრელი, რადგან პირველი გაცილებით მეტ და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანებს, ვიდრე მეორე. ანუ, შუა საუკუნეებში აქცენტი არა იმდენად იმაზეა, თავისუფლება გაქვს თუ არა, ღიად გამოთქვა შენი აზრი ღმერთზე, ბიბლიაზე, რომელიც გამოცხადებულ ჭეშმარიტებად მიიჩნევა მორწმუნისათვის, არამედ იმაზე, თუ რას გამოთქვამ, რამდენად ონტოლოგიურად სწორია, ანუ ჭეშმარიტია შენი გამოთქმული. შუა საუკუნეებს ვერ დააბრუნებ, არც უნდა დაბრუნდეს და ეს ეპოქა თანამედროვეობასთან კონტრასტისთვის მოვიყვანე მხოლოდ. რაც მივიღეთ ევროპულ კულტურაში და მსოფლმხედველობაში საუკუნეების და მრავალი ისტორიული (სოციალური-პოლიტიკური) პერიპეტიების მერე, შეიძლება დახასიათდეს როგორც ონტოლოგიის კრიზისი, ანუ ჭეშმარიტების ტრადიციული გაგების გაცვეთა-გაუქმება. ეს ტრადიციული გაგება დაფუძნებული იყო ლოგიკა-დიალექტიკურ მეთოდზე, რომელსაც მიჰყავდი სინამდვილის, ჭეშმარიტების აღმოჩენამდე. ეს მეთოდი გაზიარებული იყო სხვადასხვა მოკამათე მხარის მიერ, ამიტომ კამათი „ღია ბოლოთი“ შესაძლებელი იყო, რადგან კამათის მეთოდი და კრიტერიუმები, ისევე, როგორც ცნებითი აპარატი, გაზიარებული იყო. დღეს არა მხოლოდ ჭეშმარიტების კრიზისი გვაქვს, არამედ, პირველ ყოვლისა, სწორედ ამ მეთოდის და საერთო კრიტერიუმების კრიზისი. ნიცშე თავისი ცნობილი „ღმერთი მოკვდა“-თი, რაც იგივეა თქვა, რომ „ტრადიციული ონტოლოგია მოკვდა“, კი არ ქმნის რაიმე ახალს, არამედ აფასებს და განაჩენი გამოაქვს უკვე არსებული კრიზისული მდგომარეობისთვის, რასაც მე ზემოთ „ტრადიციული ონტოლოგიის კრიზისი“ დავარქვი. მართლაც, თუ მიიჩნევ და ირწმუნებ ნიცშესთან ერთად, რომ აღარ არის საყოველთაო ჭეშმარიტე(ბები)ბა, რომელთანაც მისვლა შეიძლება შეთანხმებული მეთოდითა და კრიტერიუმებით, იღებ სრულიად ახალ სამყაროს. ნიცშე ამ სამყაროს წინასწარმეტყველია და დღესასწაულობს მას, ხოლო ტრადიციული ონტოლოგიის დაღმასვლას, რასაც კრიზისი შეიძლება ვუწოდოთ, ნიცშე ილუზიის დაძლევად და „გამოღვიძებად“ მოიხსენიებს. ამის სულიერი შვილები არიან შემდეგ ათეისტი ეგზისტენციალისტები − სარტრი და კამიუ (თუმცა ეს უკანასკნელი თავს ეგზისტენციალისტად არ მიიჩნევდა), ჰაიდეგერი და მათი შემდგომი „ანასხლეტები“, პოსტმოდერნისტი მოაზროვნეები − მეორე პერიოდის ვიტგენშტაინი, ფუკო (გინდაც ამ უკანასკნელებს არ მოსწონებოდათ ეს ტერმინი, თავის მიმართ მიყენებული), ლიოტარი, დერიდა და სხვები. ამ ახალ ხედვაში აბსოლუტის/ჭეშმარიტის სამეფო ტახტი მოსუფთავებულია და ზედ სხვა რამეა დაბრძანებული: არჩევანის, ფიქრის, გამოთქმის, კანონის ფარგლებში ნებისმიერობის შეუზღუდავი შესაძლებლობა (განზრახ არ ვხმარობ სიტყვა „თავისუფლებას“), რაც შობს პლურალისტურ სამყაროს, მრავალი სამყაროს ერთდროულობას და მათ შორის იერარქიის დადგენის პრაქტიკულად შეუძლებლობას. ვფიქრობ, კრიზისის არსი იმაშია, რომ ინტელექტუალური განვითარება ფილოსოფიის სივრცეში წინ უსწრებს ზოგადად საკაცობრიო, ვფიქრობ, საღ ინტუიციას, რომ პოსტმოდერნიზმი თუ პოსტჭეშმარიტება − სიცრუეა და ტრადიციული ონტოლოგია − სიმართლე. ერთი მხრივ ამ საღი ინტუიციის და მეორე მხრივ, პოსტმოდერნულ ინტელექტუალურ-კულტურულ თუ სოციო-პოლიტიკურ მსოფლმხედველობას შორის (ეს უკანასკნელი კი ხშირად აგრესიული ფორმით ცდილობს დამკვიდრებას) კონფლიქტი ქმნის იმ კრიზისს, რაზედაც ზემოთ ვილაპარაკეთ.

– ევროპის
ავტორიტეტი და მისი გავლენები, როგორც პოლუსი საერთაშორისო პოლიტიკაში, ფაქტობრივად აღარ არსებობს. საბოლოოდ, რა ბედი ელის ევროპას, მოხერხდება ერთიანი ევროპის შენარჩუნება ევროკავშირის სახით?

უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან „ევროპა“, როგორც კულტურულ-მსოფლმხედველობრივი ან სულიერი ფენომენი და „ევროკავშირი“, როგორც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცი

 

(თუმცა, ცხადია, პირველი გარკვეულწილად ესაფუძვლებოდა მეორეს. ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში წინასწარმეტყველებს ხოსე ორტეგა-ი-გასსეტი პოლიტიკურად გაერთიანებულ ევროპას, როგორც მსოფლიო ისტორიული მისიის მატარებელს). ევროკავშირი შეიძლება დეგრადირდეს, როგორც ორგანიზაცია, კორუფციის შედეგად და დეგრადაციამ ის საბოლოოდ დაშლამდეც მიიყვანოს. ასევე, ევროკავშირის ეკონომიკური პოლიტიკა და ბიუროკრატია შეიძლება არ აღმოჩნდეს სახარბიელო კონკრეტული ქვეყნებისათვის და მათ არ მიიღონ ევროკავშირი, როგორც იმთავითვე სიკეთე, ამიტომ არ შევიდნენ შიგნით, ან გავიდნენ კიდეც მისგან, როგორც ეს დიდმა ბრიტანეთმა გააკეთა. რადგან ევროკავშირი აპრიორი სიკეთე არაა, აქედან გამომდინარე, აპრიორი სიბრიყვეა ევროკავშირში გაწევრიანების ამოცანის კრიტიკული განხილვის მიღმა დაყენება: ყველა ასეთი, ქვეყნის ბედის განმსაზღვრელი და ქვეყნისთვის არსებითი გადაწყვეტილების თუ ამოცანის დასახვა, უნდა ეყრდნობოდეს ფართო კრიტიკულ განხილვას და ეროვნული არჩევანი სწორედ ასეთ ყოველმხრივ განხილვა-აწონ-დაწონას უნდა დაეფუძნოს.

ამიტომ, მე სრულიად დაუშვებლად მიმაჩნია საქართველოს კონსტიტუციაში „ევროკავშირში გაერთიანების“ მუხლის არსებობა, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ევროკავშირში საქართველოს გაერთიანებას ჯერჯერობით მხარს ვუჭერ, კონსტიტუციაში ამის ჩაწერა არის განხილვის შესაძლებლობისთვის თავში ჩაქუჩის ჩარტყმა, 

რაც თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნისთვის, რაზეც საქართველოს არცთუ უსაფუძვლოდ პრეტენზია აქვს, მიუღებელი უნდა იყოს.

რაც შეეხება ევროპას, როგორც იდეას და სოციო-კულტურულ თუ მსოფლმხედველობრივ ფენომენს, მე ვფიქრობ მას ალტერნატივა არ აქვს, თუ განვითარება გინდა: ევროპა − ესაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, უნივერსიტეტები და განათლების სისტემური უწყვეტობა, მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესი, მსჯელობის სივრცის ღიაობა და კრიტიკული აზროვნებისა და განხილვის შესაძლებლობა; ესაა ბახი და მოცარტი, რენესანსი და განმანათლებლობა, ანუ ისეთი სულიერი ფენომენები, რომლებიც ისტორიაში მოხვდნენ და შეუქცევადები არიან, არა მხოლოდ გეოგრაფიული ევროპისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის; რაც ილიამ თქვა ეროვნულზე („არაფერ ეროვნულს არ აქვს ფასეულობა, თუ იგი ამავე დროს ზოგადკაცობრიულადაც ფასეული არ არისო“), შეგვიძლია ევროპულზეც ვთქვათ: „არაფერ ევროპულს არ აქვს ფასეულობა, თუ იგი ამავე დროს ზოგადკაცობრიულადაც ფასეული არ არის“, ხოლო ის ფენომენები, რომლებიც ზემოთ დავასახელე, სწორედაც რომ ზოგადკაცობრიულად ფასეულია.

– მემარცხენელიბერალურ იდეოლოგიას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა მათი პოლიტიკის ნეგატიური შედეგების გამო და იზრება მემარჯვენეკონსერვატიული ძალების მხარდაჭერა. როგორ ფიქრობთ, საბოლოოდ მარცხდება ლიბერალიზმი?

ტრადიციული გაგებით, ანუ ჯონ ლოკის თუ ჯონ სტუარტ მილის, ან ვოლტერის, ან ჩვენი ილია ჭავჭავაძის გაგებით, ლიბერალიზმს მე მხარს ვუჭერ და არ მიმაჩნია, რომ მას ალტერნატივა აქვს. მაგრამ, როგორც ყველაფერი კარგის, ისე ლიბერალიზმის გაგება შეიძლება გარყვნა და დრაკონები შვა მისი სახელით. ვფიქრობ, როცა ლიბერალიზმი წყდება ჭეშმარიტებას, ლოგიკას, დიდ ტრადიციებს, რომელთა სიმართლე და ღირებულება საუკუნეების განმავლობაში გამოიცადა და დამტკიცდა. ლიბერალიზმი შეიძლება იქცეს ტირანიად, უკონტროლო ნებისმიერობა − ტრაგედიად. ასევე, ჭეშმარიტი და ბუნების რადიკალურად უარმყოფელი ლიბერალიზმი შევიდეს გადაულახავ მსოფლმხედველობრივ და საკანონმდებლო ჩიხებში, რასაც ასე ხშირად ვაწყდებით დღეს. მაგალითად, სქესის შეცვლის ნორმად გამოცხადებით და ამის ასეც დაკანონებით ვიღებთ სიტუაციას, როცა ქალების სპორტი საერთოდ შეიძლება გაუქმდეს, ან სიტუაციას, როცა მშობლებს უჩნდებათ სურვილი გამოიყვანონ სკოლიდან თავიანთი ქალიშვილები, რადგან მათ გასახდელებში უპრობლემოდ შედის ბიჭი, რომელიც იყენებს თავის კანონიერ უფლებას, თავს რაცხავდეს გოგოდ. ასეთი იდიოტიზმები მხოლოდ გამძაფრდება უჭეშმარიტო და უტრადიციო ლიბერალიზმის გაფეტიშებისას.

როგორც ყველაფერ ტყუილს და გადამეტებულს, ასეთ ლიბერალიზმს არ ექნება მომავალი, ჩემი თავმდაბალი აზრით, და ეს უმომავლობა მაწუხებს-მეთქი, რომ გითხრათ, დიდი ცრუპენტელობა იქნება ჩემი მხრიდა

– ტრამპის პოლიტიკას რომ შევეხოთ, ფაქტია, დიდ ცვლილებებს დაუდო სათავე, რამდენად რთული იქნება დიფ სთეითთან ბრძოლა და რა შედეგს გამოიღებს ეს ბრძოლა აშშ-სთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის?

ამას მხოლოდ მომავალი აჩვენებს. დიდი ჯახები და კონფლიქტები იქნება, ცხადია. ისე, საოცარი იყო, რომ ფრაზით „არსებობს მარტო ორი სქესი“, ტრამპმა ხელის ერთი მოსმით გააუქმა მთელი კვაზიმეცნიერული იდეოლოგიური ცოდნები, რომლის დამკვიდრებას ამდენი წელი ცდილობდნენ და რომლის დამკვიდრებისთვის მილიონები კი არადა, მილიარდები იხარჯებოდა.

– სად ხედავთ საქართველოს იმ ახალ მსოფლიო რეალობაში, რომელიც ახლა ჩვენ თვალწინ იქმნება?

საქართველო ძალიან ტრადიციულ ქვეყნად რჩება და ამავე დროს, დასავლეთიდან ყველაფერი კარგის და განვითარების მომტანის მიღების მოსურნედ. ჩვენი მისწრაფება ევროპისადმი, ვფიქრობ, კვლავ ილიას და თერგდალეულების დადებულ საფუძველზე დგას: ანუ, ევროპა ცოცხალი სამეცნიერო და ფილოსოფიური აზრის, სოციო-პოლიტიკური პროგრესის, პიროვნების დაფასების და მისი პირადი სივრცის ხელშეუხებლობის დაცვის და ა.შ. ილიასეული ევროპა არ არის მოწყვეტილი ქრისტიანულ ფესვებს და ილიასთვის ევროპული განმანათლებლობაც ქრისტიანულ საფუძველზე დგას (თავად ილიას მთავარ კრიტერიუმად სახარების მცნებები აქვს აღებული − „ცნებისა ნათლით ზე-აღზიდულ, ამაღლებული ჭკუით განჭვრეტდეს საზოგადო ცხოვრების დენას“ − და ევროპაში მიმდინარე ძვრებსაც ამ კრიტერიუმით აფასებს, ამიტომ აპრიორი სიკეთედ არ იღებს ყველაფერს და აკრიტიკებს კიდეც), ყოველ შემთხვევაში, მასთან დაპირისპირებული მაინც არაა. დღევანდელ პოსტმოდერნულ დასავლეთზე იმავეს თავისუფლად თქმა გაგვიჭირდება, რადგან, ვფიქრობ, ქრისტიანობა თავისთავად, ლოგიკურად ეწინააღმდეგება პოსტმოდერნიზმს, რადგან პოსტმოდერნიზმს თავისი მსოფლმხედველობრივი პოზიცია − „განსხვავებულობის დღესასწაულობა“ − კვაზირელიგიური დოგმის დონემდე აჰყავს და ეს არ შეიძლება არ მოვიდეს კონფლიქტში ქრისტიანობასთან, რომელიც რელიგიურ დოგმას ითვალისწინებს.

საქართველო, რომელიც ტრადიციულ ევროპულ ცივილიზაციას მიაკუთვნებს თავს და ქრისტიანულ-განმანათლებლურ ტრადიციას ეფუძნება, ვფიქრობ, სიჯანსაღის კუნძულად შეიძლება გამოჩნდეს დღევანდელი ცრუ-ლიბერალიზმით ძლიერ დაზიანებული დასავლეთისთვის, რა ცრუ-ლიბერალიზმსაც თავად საკმაოდ ძლიერი დასავლელი მოაზროვნეები, როგორებიც რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი როჯერ სკრუტონი, ჯორდან პიტერსონი, ეპისკოპოსი რობერტ ბარონი ა.შ. ასე დამაჯერებლად და არგუმენტირებულად ამხელენ.