"სახელმწიფო ელექტროსისტემის" შემეცნებითი ტურის ფარგლებში, დღეს, 4 მაისს, სსე-მ თბილისის 51-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა.
მოსწავლეები კომპანიის სათავო ოფისს ესტუმრნენ და ცენტრალური სადისპეტჩერო მოინახულეს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე. გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს. ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგად ენერგეტიკაზე და "სახელმწიფო ელექტროსისტემის" როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში. დაათვალიერეს სსე-ის სასწავლო ცენტრი და ქვესადგური "ნავთლუღი 220".
ენერგეტიკული მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს, ამიტომ ახალი თაობისთვის ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება და ახალგაზრდების დაინტერესება ენერგეტიკის სფეროთი სსე-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
უფროსკლასელებთან შეხვედრები მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.