26 მარტს კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდების გაცილება მსოფლიო ჩემპიონატებზე.
საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილის მფლობელი გოგონათა და ვაჟთა გუნდები მძლეოსნობაში მიემგზავრებიან საფრანგეთში, მაგიდის ჩოგბურთში წარმატებული მოსწავლეები იასპარეზებენ მალტაზე, ბადმინტონში გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ ინდოეთში მსოფლიო ჩემპიონატზე.
სპორტის ამ სახეობებში გამარჯვებული მოსწავლეები თბილისის, ქუთაისის, ახალციხის და ქედის საშუალო სკოლის მოსწავლეები არიან.
სიმბოლურად გუნდებს საზეიმო ვითარებაში საქართველოს დროშები გადაეცათ.
თებერვალში მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე გაემგზავრნენ ხელბურთის და ფუტსალის გოგონათა და ვაჟთა გუნდები, ამჯერად საერთაშორისო სარბიელზე სასკოლო გუნდების მეორე ნაკადი მიემგზავრება.
სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე ვითიბი ბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა მაჭავარიანმა აღნიშნა:
"ვითიბი ბანკის სოციალური პასუხიმგებლობის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას სწორედ სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენს, ამიტომაც მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით მოზარდებისთვის ასეთი საჭირო პროექტი ხორციელდება. ამ მხარდაჭერის მიზანი პირველ რიგში სპორტში ახალგაზრდების მასიური ჩართულობაა, რაც, დარწმუნებული ვართ, მომავალში კიდევ უფრო დიდი წარმატების მომატანი გახდება".