70-მდე ღონისძიება - საჯარო ლექციები, უცხოეთიდან მოწვეული პროფესორების ვორქშოპები და ტრენინგები,
ორი საერთაშორისო კონფერენცია, ახალი საერთაშორისო პერტნიორები, ელჩების ვიზიტები, დასაქმების ფორუმი, ზამთრის სკოლები, 30-ზე მეტი გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი ინგლისურენოვანი არქტიტექტურის პროგრამა - ეს იმ აქტივობების ჩამონათვალია, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა შემოდგომის სემესტრში განახორციელა.
2018-2019 სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყებს უნივერსიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს აუცილებელი თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური არქიტექტორის მომზადებას.
ამ ეტაპზე პროგრამა უნიკალურია, ვინაიდან აკრედიტებულ პროგრამებს შორის ერთადერთი ინგლისურენოვანია.
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია არქიტექტორის პროფესიისათვის აუცილებელი საფუძვლიანი თეორიული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი არქიტექტურის ბაკალავრის მომზადება და სტუდენტთა უზრუნველყოფა პრაქტიკული გამოცდილებით.
”არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებული შეიძენს ფუნდამენტურ ცოდნას არქიტექტურულ პროექტირებაში, ექნება ცოდნა საერთაშორისო სამშენებლო ნორმების, შენობათა ტექნოლოგიების, არქიტექტურული ფიზიკის პრინციპების უახლესი კვლევითი მიღწევების, თანამედროვე კონსტრუქციების არქიტექტურული ელემენტების, არქიტექტურის ისტორიის და თეორიის, მდგრადი არქიტექტურის პრინციპების და პროექტირების ავტომატიზირებული სისტემების საფუძვლების ცოდნის შესახებ“, - განმარტავს პროგრამის კოორდინატორი გიორგი წანაწყენიშვილი.
მისი თქმით, უნივერსიტეტს გააჩნია სპეციალურად არქიტექტურის სპეციალობისთვის აღჭურვილი აუდიტორია-სტუდია და პროგრამისთვის საჭირო ყველა ატრიბუტი.
საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმები იძლევა პროგრამის განვითარების პერსპექტივას.
სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დააკვირდნენ პრაქტიკულ, შემოქმედებით და ადმინისტრაციულ პროცესს, ჩაერთონ მასში და მიიღონ პროფესიული საქმიანობის ორგანიზების გამოცდილება.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, ილიას ჩილოღლუს თქმით, ახალი პროგრამა ახალ სიცოცხლეს შესძენს IBSU-სდა ეს პროცესი ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტი წინსვლასა და მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული:
’’აღნიშნულ პროგრამაზე მოთხოვნა იყო. არქიტექტურულ საპროექტო დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზე სულ უფრო ხშირად არის საჭირო. სამშენებლო ბიზნესში ბაზრის დიდი წილი უცხოურ კომპანიებს და ინვესტიციებს უჭირავს. საჭიროა სპეციალისტები, რომელთაც არქიტექტურული განათლება ინგლისურ ენაზე ექნებათ“.
პროგრამის მომზადებაში ჩართულ ლექტორ-მასწავლებლებს შორისაა რამდენიმე ევროპული არქიტექტურული სკოლის პროფესორი, რაც პროგრამის თანამედროვეობას და ინტერნაციონალიზმს განაპირობებს.