სამთავრობო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დღეს ინფრასტრუქტურული კომპონენტის პრეზენტაცია გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა ბრიფინგი თბილისში, ორხევის დასახლებაში პროგრამაში ჩართულ ერთ-ერთი სამრეწველო დანიშნულების ობიექტზე გამართეს. ორხევში მდებარე მიწის ფართი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით 15 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. მინისტრის პირველი მოადგილის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შეფასებული ინფრასტრუქტურული ობიექტის საბაზრო ღირებულება 430 ათასი ლარია. სახელმწიფო კი მას პროგრამით დაინტერესებულ მეწარმეს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემს. პროგრამის თანახმად, მეწარმე ვალდებულია აღნიშნულ ქონებაზე განახორციელოს 6-მაგი ოდენობის ინვესტიცია და 2 წლის განმავლობაში უზრუნველყოს პროდუქციის გამოშვება. სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 1 ივნისიდან ამოქმედდა. პროგრამა რამდენიმე კომპონენტად არის წარმოდგენილი. სახელმწიფო დაინტერესებულ მეწარმეს ფინანსურ, ინფრასტრუქტურულ და საკონსულტაციო მხარდაჭერას სთავაზობს.