თქვენ მოკალით ანაკლიის პროექტი! ბატონო პრემიერო, დღეს რაც გააკეთეთ, ეს არის პიარი! – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველის” გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.
“ბანკები ითხოვდნენ გარანტიებს და ამ გარანტიებისთვის უზარმაზარ თანხას – 75 მილიონს დებდა ევროკავშირი. თქვენ ეს პროექტი მოკალით! ბატონო პრემიერო, ის რაც თქვენ დღეს გააკეთეთ, ეს არის პიარი. ამის უკან კონკრეტული საქმე და ქვეყნის სტრატეგიული განვითარება არ დგას. როდესაც 5 ქვეყნის ინვესტორებს – აშშ-ის, ჰოლანდიის ბულგარეთის, უზბეკეთის ინვესტორებს ექსპოპრიაცია გაუკეთეთ ყოველგვარი ახსნის გარეშე, 2 წლის განმავლობაში არავინ მათ არ შეხვედრია და საქმე არბიტრაჟშია, ჟენევაში და როგორ გგონიათ, ინვესტორი რომ გამოჩნდება, კითხვას არ დაგისვამთ – მეც იგივე ბედი ხომ არ მელოდებაო?” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს. პრემიერი ამბობს, რომ ანაკლიის პორტს ხელისუფლებისგან ყოველთვის ჰქონდა მხარდაჭერა.