ალპებში მსგავსი რელიეფი, გარემო პირობებია და იქ არის განვითარებული ყველაზე მეტად ჰიდროელექტროენერგიის გენერაცია, მათ შორის ასეთი ტიპის კაშხალები, რომელიც აქ არის მოცემული, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა "ნამახვანჰესზე" საუბრისას, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ჰესის მშენებლობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ექსპერტთა დასკვნები გათვალისწინებული იყო.
"გარემოს შეფასების კოდექსი ითვალისწინებს მოსახლეობის ჩართულობას. ადგილობრივ მოსახლეობასთან ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. მათ შორის იყო განხილული წარმოდგენილი კვლევები, მაგრამ როგორც ჩანს, ეს კომუნიკაცია, ალბათ, საკმარისი არ არის და კიდევ მეტია გასაკეთებელი მოსახლეობის ფართო ფენებთან შეხვედრების გამართვის კუთხით, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ", - განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ჰესის მშენებლობის აუცილებლობის შესახებ მათი არგუმენტები ემყარება იმ კვლევებს, რომელიც გარემოს დადცვის პროცესში იყო განხილული.
"ჩვენი გადაწყვეტილება არ მიგვიღია ამ კონკრეტული კვლევების გარეშე. ძალიან მაღალი დონის რეპუტაციის მქონე, წამყვანი საექსპერტო კომპანიები, იტალიური, შვეიცარიული და ასე შემდეგ, ყველაზე გამოცდილი კომპანიები იყო ჩართული.
ალპებში მსგავსი რელიეფი, გარემო პირობებია და იქ არის განვითარებული ყველაზე მეტად ჰიდროელექტროენერგიის გენერაცია, მათ შორის ასეთი ტიპის კაშხალები, რომელიც აქ არის მოცემული. იქ დაშვებული და შესწავლილია, რომ ფაქტობრივად, თეორიული შანსიც კი არ არსებობს იმისა, რომ იგივე მიწისძვრის შედეგად, მოხდეს ასეთი დამბის გარღვევა", - განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში მათ საპირისპირო ესმით. მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა საჭირო ინფორმაცია გამოქვეყნებულია ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის. შესაბამისდ, მან ის ექსპერტები გააკრიტიკა, რომლებიც აცხადებენ, რომ დოკუმენტებთან წვდომა არ აქვთ.
"სამწუხაროდ, ისინი ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობენ და ცდილობენ, მოსახლეობის ეს გრძნობები გამოიყენონ. ესეც უპასუხისმგებლობაა. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი არგუმენტია, თითქოს, ეს კვლევები საკმარისი, სრული არ არის და ასე შემდეგ. თუ მასალა მათ არ უნახავთ, კვლევებს როგორ აფასებენ?! ხშირად თავის თავს ეწინააღმდეგებიან. სამწუხაროდ, ჩვენ მეტი მედია პლატფორმა, მედიადაფარვა გვჭირდება, რათა მოსახლეობამდე სიმართლე მივიტანოთ", - განაცხადა დავითაშვილმა.