საქართველომ მცირე დარჩენილი დრო უნდა გამოიყენოს, რათა საჭირო რეფორმებზე მუშაობა დაიწყოს , - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა თბილისში განაცხადა.
ჯოზეფ ბორემა ვიზიტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში ყოფნისას ის საქართველოს პროგრესს განიხილავს 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით.
“ჩემი ვიზიტის განმავლობაში შევხვდები პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტს, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებას. და ჩვენ განვიხილავთ აქამდე მიღწეულ პროგრესს და სამუშაოს, რომელიც ჯერ კიდევ გასაკეთებელია, რაზეც თავიდან ვისაუბრე. და საქართველომ მცირე დარჩენილი დრო უნდა გამოიყენოს, რათა საჭირო რეფორმებზე მუშაობა დაიწყოს”, - განაცხადა ბორელმა.
ჯოზეფ ბორელის თქმით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოში განიხილავს პუტინის აგრესიულ ომს უკრაინაში.
„ასევე, გეოპოლიტიკური კუთხით, ჩემს თანამოსაუბრეებთან უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიული ომის უარყოფით შედეგებს განვიხილავ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და სუვერენიტეტისადმი ევროპის ნათელ მხარდაჭერას გავიმეორებ”, - განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ისაუბრა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზეც.
„საქართველოსადმი ევროკავშირის ერთგულება ასევე ჩვენს ფინანსურ დახმარებაში გამოიხატება. ორმხრივი დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელი ვართ, თითქმის 340 მილიონი ევროთი 2021-2024 წლების პერიოდში. და ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით ინვესტიციების სახით ჩადებულ იქნა დაახლოებით 1.3 მილიარდი ევრო”, - განაცხადა ბორელმა.