გიორგი მსხილაძე ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის თავმჯდომარის თანამდებობაზე ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას განიხილავდა. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ბრიფინგზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ კითხვებს აჩენდა არა კანდიდატის კვალიფიკაცია, არამედ მისი მიუკერძოებლობა.
„საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა არ ზიანდება. ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთ კვალიფიციური, გამოცდილი და პროფესიული კადრი. არ ფერხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის პროცესი. ბანკის საბჭოს დღესვე შეუძლია წარმოადგინოს ბანკის ხელმძღვანელის კანდიდატურა პრეზიდენტის მიერ დაწყებული საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი ამ წარდგინებასთან კავშირში არაა და არც რამის შემაფერხებელია.
რაც შეეხება მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ბატონი ლაშა ხუციშვილის წარდგენას, საქართველოს პრეზიდენტი მის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი - კანდიდატის დამოუკიდებლობა, კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლითა და შანტაჟით.
თუ რაიმე აზიანებს და აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას, ეს არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება, რამაც საბოლოოდ გამოააშკარავა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი და უალტერნატივოა არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მმართველი პარტიისთვისაც“, - განაცხადა მსხილაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებით, იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას.
imedinews.ge