კონსენსუსი ვერ მიიღწევა კი არა, არ მიიღწევა - ხელოვნურად ჩიხების შექმნა არის ოპოზიციის მთავარი ინსტრუმენტი, რომელსაც ის პოლიტიკურ ბრძოლაში იყენებს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
მან ცესკოს ფორმირების წესში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ახლა მიმდინარეობს განხილვა ცესკოს არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით. ვყოფილვარ მომსწრე ისეთი მოვლენებისა, როდესაც ოპოზიციის მხრიდან შეგვიძლია ვისაუბროთ კონსენსუსის არა ვერ მიღწევაზე, არამედ კონსენსუსის არ მიღწევაზე. ეს არაერთხელ მომხდარა. იგივე იყო კალანდარიშვილის შემთხვევაში - საუკეთესო იყო ეს კანდიდატურა, ყველას სჯობდა წარდგენილ კანდიდატებს შორის და ოპოზიციამ მაინც ხმა არ მისცა. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავდა, რომ მათი მიზანი იყო პროცესი შესულიყო ჩიხში, რადგან ხვდებოდნენ, კალანდარიშვილი არ იყო კანდიდატურა არც ხელისუფლებისთვის, არც ოპოზიციისთვის. რატომღაც მათ აქვთ განცდა, რომ აქვთ უფლება და შესაძლებლობა, თავიანთი კანდიდატურა იყოლიონ“, - განაცხადა სარჯველაძემ.
იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არსებული „გაუმართავი სისტემის მძევალი აღმოჩნდა“. მისივე განმარტებით, პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე უკეთესი კანდიდატი ვინც იყო, მისი წარდგენისგან თავი შეიკავა.
„კონსენსუსი ვერ მიიღწევა კი არა, არ მიიღწევა - ხელოვნურად ჩიხების შექმნა არის ოპოზიციის მთავარი ინსტრუმენტი, რომელსაც ის პოლიტიკურ ბრძოლაში იყენებს“, - დასძინა სარჯველაძემ.