მურუსიძე კი არ შეუყვარდათ, შეუძლებელია ასეთი სენტიმენტი მის მიმართ - სისტემას უნდა დაანახონ, რომ მათ არ გაწირავენ - ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა, ფიქრია ჩიხლაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„როდესაც რეჟიმი არის არადემოკრატიული, როდესაც ბევრი დანაშაულებრივი სქემა მუშაობს, ისე უნდა გადაწყდეს ყველაფერი, როგორც ეს ხელისუფლებას სურს. თუ ეს ასე არ იქნა, ხელისუფლების რყევა იწყება. ამიტომ, მათ წინაშე დგას ასეთი ამოცანა, მურუსიძე კი არ შეუყვარდათ, შეუძლებელია ასეთი სენტიმენტი გქონდეს მურუსიძის მიმართ. მათ აქვთ განცდა, რომ როგორღაც მთელ სისტემას უნდა დაანახონ, რომ ისინი მათ არ გაწირავენ. თქვენ გვემსახურეთ ყველა ბნელ დანაშაულებრივ საქმეში და ჩვენ, რაოდენ არაპოპულარულიც არ უნდა იყოს ეს, მაინც ბოლომდე გადაგეფარებით. აი ამ მოვლენასთან გვაქვს დღეს საქმე“- აღნიშნა ფიქრია ჩიხლაძემ.