2012 წლამდე რადიკალურად განსხვავებული ვითარება იყო, გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა პრაქტიკულად ნულოვანი იყო. ეს ყველაფერი არის ჩვენი რეფორმების 4 ტალღის დამსახურება, კანონმდებლობა არის ფუნდამენტურად შეცვლილი და დახვეწილი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ არსებული კანონმდებლობა არა მარტო შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, არამედ ძალიან ბევრი თვალსაზრისით ამ სტანდარტებს აჭარბებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი 3-ჯერ არის შემცირებული, ადმინისტრაციული პატიმრობა ასევე 3-ჯერ არის შემცირებული, გირაო მოცულობა თანხაში არის 18-ჯერ შემცირებული, ანუ 18-ჯერ შეუმსუბუქდათ საქართველოს მოქალაქეებს სასამართლოს მხრიდან ფინანსური ტვირთი. ჯარიმების მოცულობა არის 5-ჯერ შემცირებული, განახევრებულია შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი [მოსმენა, მიყურადება] და რაც შეეხება სტრასბურგში, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან გაგზავნილ სარჩელებს, მარტო ამ ნაწილში არის 3-ჯერ შემცირებული სტატისტიკა.
ეს ყველაფერი არის იმის უტყუარი დასტური, რომ სასამართლო სისტემაში არა მარტო არსებითი ცვლილებები გვაქვს, არამედ ყველა სისტემური პრობლემა აღმოფხვრილია. სტატისტიკა არის უტყუარი მტკიცებულება, რომ ყველა სისტემური პრობლემა აღმოიფხვრა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.