მე და ანი წითლიძე პარლამენტში აუცილებლად ვიქნებით და ხვალ ერთად დავამთავროთ კლანი,- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციონერი კოლეგების ნათქვამს, რომ საგამოძიებო კომისიის საკითხისთვის რიგგარეშე სხდომის მიწვევის მოთხოვნის გაუქმების მიზეზი ხაბეიშვილისა და წითლიძის მივლინება გახდა.
„ამბობენ, ლევან ხაბეიშვილი და ანი წითლიძე რომ არ წასულიყვნენ მივლინებაში, რომელიც ორი კვირით ადრე იყო, დამთავრდებოდა კლანი. ხვალ დავამთავროთ ერთად კლანი. ჩვენ ორნი პარლამენტში აუცილებლად ვიქნებით და მათ შორის ყველა ჩვენი თანაგუნდელი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
46 დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს ჯერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვდა, სადაც საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა იმავე საღამოს გადაიფიქრეს და პრეზიდენტს ამჯერად უკვე მიმართეს, რომ მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სესია აღარ მოიწვიოს.
როგორც თავად განმარტეს, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ ორმა დეპუტატმა - ანა წითლიძემ და ლევან ხაბეიშვილმა ქვეყანა დაუგეგმავად დატოვეს და შესაბამისად, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად ხმები არ ჰყოფნის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით,აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.