თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია BBC-ის რაღაც უთხრას და გააკეთებინოს, რომ რიკოთთან დაკავშირებული საკითხი გადაფაროს, ეს მგონი, არასერიოზულად გამოიყურება - უხერხული მოსასმენი იყო ოპონენტების განცხადებები , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა BBC-ის სტატიას თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით.
როგორც მან აღნიშნა, კეზერაშვილთან თანამშრომლობა რომ უხერხულობას ქმნის, ამის თაობაზე ოპონენტების განცხადებებს ეთანხმება, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ უხერხულობის აღმოფხვრა, დროებითი დისტანცირებით შესაძლებელი არ არის და მნიშვნელოვანია ისიც, რომ კეზერაშვილთან კითხვები დიდი ხანია არსებობს.
"უხერხულობის განეიტრალება არ მგონია, შესაძლებელი იყოს იმ გზით, რომ პერიოდულად ვინმე დისტანცირდეს კეზერაშვილისგან და მერე ისევ გაერთიანებას ცდილობდეს, რადგან ეს არ არის პირველი და ერთადერთი ამბავი, რომლის გამოც კეზერაშვილის სახელი დისკრედიტებულია და შესაბამისად, მასთან რომელიმე ჯგუფის თუ მედიასაშუალების ასოცირება არცთუ ისე სანაქებოდ ითვლება. ასეთ პირობებში დაპაუზებული ურთიერთობა არ იქნება გამოსავალი. კეზერაშვილის მოღვაწეობა რას უკავშირდება, უფრო და უფრო მეტს იგებს საზოგადოება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს უმნიშვნელოა, ეს მისი პრობლემაა.
მეორე მხრივ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია BBC-ის რაღაც უთხრას და გააკეთებინოს, რომ რიკოთთან დაკავშირებული საკითხი გადაფაროს, მგონი ესეც არასერიოზულად გამოიყურება. ვფიქრობ, ცოტა არაორგანიზებულიც იყო ოპონენტების ეს განცხადებები. უცნაური და უხერხული მოსასმენი იყო, რომ "ბიბისის" გამოძიება რომელიც ერთი წელია მიმდინარეობს და შედეგამდე მივიდნენ, ოღონდ მარტო "ბიბისი" არ მუშაობდა ამაზე, რამდენიმე ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურები მუშაობდნენ, ცოტა ხნის წინ საქართველოს სამართალდამცავმა სტრუქტურამ ისაუბრა ამაზე და ამ ფონზე, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ ეს მოახერხა, რიკოთის გადასაფარად გააკეთა, მგონი ცოტა არასერიოზულია",- განაცხადა სარჯველაძემ.