ჩვენი მიზანია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო იყოს ყველაზე თვალსაჩინო,მაღალტექნოლოგიური სახელმწიფო კლინიკა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან გამართული შეხვედრა კიდევ ერთხელ შეაჯამა და აღნიშნა, რომ სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში გაიმართა და სამინისტროს წარმომადგენლებმა მათ მიერ დასმულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხები გასცეს.
უწყების ხელმძღვანელი, დახურულ შეხვედრაზე მომხდარ ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც თანამშრომლებთან კითხვა-პასუხი მიმდინარეობდა, მისი აუდიო ჩანაწერი ერთ-ერთ მედია საშუალებას გადასცეს.
„პროტესტი არ განახლებულა. ვფიქრობ, რომ წინა დღეებთან შედარებით პროტესტი მინელებულია. გუშინდელი შეხვედრა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან იყო ძალიან კონსტრუქციული. გავიარეთ ყველა დეტალი.ასევე გვქონდა შესაძლებლობა, რომ მწვავე და მნიშვნელოვანი კითხვებისთვის დახურულ შეხვედრაზეც გვეპასუხა, თუმცა სამწუხაროდ იყო მცირე ინციდენტიც.
მაშინ როცა, კონსტრუქციულ რეჟიმში მიდიოდა კითხა-პასუხი, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტელევიზიას ჩემი აუდიო ჩანაწერი გადასცეს და ამაზე აბსურდული სიუჟეტი მოამზადეს. თუმცა აქაც, კარგად ჩანდა რომ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავეცით", - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრი, მიმდინარე აქციებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არანაირი საფუძველი პროტესტის გაგრძელების ამ დროისთვის არ არსებობს.
„ვფიქრობ, რომ პროტესტის გაგრძელების არანაირი საფუძველი დღეს არ არსებობს. შევთანხმდით კომუნიკაციის ფორმაზეც. ჩვენ, მათ ეტაპობრივად გარკვეული ინფორმაციის მოძიების შემდგომ დეტალებს გავაცნობთ. ამის შემდეგ, თუკი ვინმეს კიდევ პროტესტი გაუჩნდება, ეს უკვე დესტრუქციულ ქმედებებზე მიუთითებს და იმაზე, რომ მათ არ სურთ პრობლემების მოგვარება. რასაკვირველია ეს ძალიან არასასიამოვნოა", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.