საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა ორი ქალი, ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე, რომლებიც საქართველოს უახლესი ისტორიის საპროტესტო აქციების სიმბოლოებად იქცნენ.
სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა საქართველოს ისტორიაში და ქართული იდენტობის შენარჩუნებაზე ქალების მნიშვნელოვან წვლილზე. ამის შემდეგ კი ჯილდოს შესახებ გამოაცხადა.
„ეს ჯილდო პერსონალური არ არის. ეს ეძღვნება ყველა ქალს - 9 აპრილის ქალებს, მათ ვინც, ამ და სხვა პერიოდებში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და მომავლისთვის. ეს ორნი არიან ამის სახეები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
„ქალს ევროკავშირის დროშით“, 2023 წლის მარტის პროდასავლური დემონსტრაციებიდან, ნანა მალაშხიას, მედალი გადაეცა „საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისათვის“.
ნანა მალაშხიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოს მოქალაქეების „გვერდით დგომისათვის“.
ხოლო „ქალს 9 აპრილის ფოტოდან“, ნანა მახარაძეს, მედალი გადაეცა „საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის“.
„ეს 19 წლის გოგონა ჩემში ისევ ცოცხლობს და მე ამაყი ვარ, რომ ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, თავისუფლება და ჩემი ქვეყნის მომავალი. ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა, ევროპაშია“, - განაცხადა ნანა მახარაძემ.