ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „შეიარაღებულმა ძალებმა“ ფართომასშტაბიანი „წვრთნები დაიწყო“, - ინფორმაციას აფხაზური მედია დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
დე ფაქტო სამინისტროს ინფორმაციით, პოლიგონსა და უცნობ რელიეფზე შემოწმდება შიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნა. ასევე, წვრთნების მთავარი მიზანია შტაბისა და ჯარების მზადყოფნის ამაღლება, ასევე მოულოდნელად წარმოშობილი ამოცანების გადაჭრის მიზნით მათი კოორდინაციის ამაღლება, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თანამედროვე ძალებითა და საშუალებებით მტრის კომპლექსური განადგურების საკითხების შემუშავებას.
„შტაბისა და ჯარების წვრთნა მიმდინარეობს აფხაზეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივი საბრძოლო მომზადების გეგმის შესაბამისად”, - აცხადებენ ე.წ. სამინისტროში. წვრთნების სხვადასხვა ეტაპზე აფხაზეთის ე.წ. „ძალოვანი სტრუქტურების“ ძალები და საშუალებებიც ჩაერთვებიან.