რადიკალური ოპოზიციის მიზანია კანდიდატის სტატუსის არმიღება, ომი ქვეყანაში, მეორე ფრონტი, ჩვენი მიზანია ეკონომიკური განვითარება, სტაბილურობა და მშვიდობა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანაში არეულობა იყოს.
„მათზე ისეთი კარგი წარმოდგენა ნამდვილად არ მაქვს, რომ ჩაერთვებიან რეკომენდაციების შესრულებაში. ხელისგულზე ჩანს და ეს მათი განცხადებებიდანაც იკვეთება, რომ მიზნად აქვთ 3 პუნქტიანი გეგმის შესრულება. პირველი პუნქტი არის სტატუსის მიღების მიმართ მაქსიმალურად მოლოდინის აწევა, შემდეგ ვერ და არმიღება ამ სტატუსის. ალბათ, გჯერათ, რომ მათ არ უნდათ ამ სტატუსის მიღება. შემდეგ ამაზე რევოლუციის მოწყობა, საზოგადოებაში მღელვარება, ქაოსი და ხელისუფლების ცვლილება, მეორე ფრონტი. სწორედ ეს იქნება რუსული საქმე ამ ქვეყანაში, თუ რამე შეიძლება, რუსულ საქმეს მოინათლოს“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მოქმედებები ოკუპანტი ქვეყნის წისქვილზე ასხამს წყალს.
„სტატუსთან დაკავშირებით უამრავი სპეკულაცია იყო, მათ შორის, მაგალითად, აკავშირებდნენ ხოლმე ამ ყველაფერს ფინანსურ მხარესთან. მოლდოვა, რომელმაც მიიღო სტატუსი, სამწუხაროდ, ამ ქვეყნის ეკონომიკა მინუს ექვსი პროცენტი იყო გასულ წელს, საქართველოს ეკონომიკა იყო პლუს ათი პროცენტი. იმ ქვეყანაში ინფლაცია იყო 30 პროცენტი, ჩვენთან - ათი. სპეკულაცია და ხალხის მოტყუება იყო, რომ კანდიდატის სტატუსი ავტომატურად იყო უდიდეს ეკონომიკურ კეთილდღეობასთან დაკავშირებული. სტატუსის მიღება არის სერიოზული პოლიტიკური განაცხადი, მაგრამ ამასთან დაკავშირება იყო სპეკულაცია და ეს პრაქტიკაშიც დადასტურდა. ეს არის მხილება და მტკიცებულება, რომ ჩვენ ოპოზიციის მიერ ნაწარმოები ფეიკ კამპანია ფინანსების მიმართულებით მხილებული იქნა. მათი მიზნები არის კანდიდატის სტატუსის არმიღება, ომი ქვეყანაში, მეორე ფრონტი. ჩვენი მიზანია ეკონომიკური განვითარება, სტაბილურობა და მშვიდობა“, - განაცხადა მდინარაძემ.